Thumbnail
  • ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესი ძალიან დიდია
  • იუვენტუსი 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავს

ფედერიკო კიეზა არ იყიდება! იუვენტუსის მესიჯი მკაფიოა და ტურინულ კლუბში არცერთ წინადადებას არ განიხილავენ. 23 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა 2020/21 წლების სეზონში და მერე უკვე ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, რამაც მისდამი ინტერესი ძალიან გაზარდა.

"ტუტოსპორტი" იტყობინება, რომ იუვენტუსმა ბოლო დღეებში მიუნხენის ბაიერნისგან, მანჩესტერ სიტისგან, ჩელსისგან და მანჩესტერ იუნაიტედისგან ძალიან სარფიანი წინადადებები მიიღო, მაგრამ ოთხივე მათგანი მტკიცე უარით გაისტუმრა. ირკვევა, რომ ბაიერნი 80 მილიონ ევროს იხდიდა, ჩელსი - თითქმის 100 მილიონს, ხოლო მანჩესტერული კლუბების შეთავაზებების ფინანსური დეტალები უცნობია. სხვა საქმეა, რომ იუვესთვის კიეზა ხელშეუხებელია და მასიმილიანო ალეგრი გუნდის მშენებლობას იტალიელი გარემარბის გარშემო აპირებს.

კიეზა იტალიის თასის ფინალში გატანილ გოლს აღნიშნავს

აღსანიშნავია, რომ ფედერიკო კიეზა იუვენტუსში ჯერ კიდევ იჯარითაა, თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალური დეტალია, რადგანაც ფიორენტინას მასზე არავითარი უფლებები აღარ აქვს. კიეზა ტურინელებმა გასული წლის ოქტომბერში ფლორენციის ფიორენტინადან 2-წლიანი იჯარით დაიმატეს, თუმცა, გამოსყიდვის ვალდებულებით. იუვეს მომდევნო ზაფხულს მოუწევს თანხის დარჩენილი ნაწილის - 40 მილიონი ევროს გადახდა. ამდენად, ფედერიკოს მომავალი მხოლოდ იუვენტუსს უკავშირდება.

კიეზამ ტურინულ გრანდში პირველივე სეზონში გაიბრწყინა, 43 მატჩში 14 გოლის გარდა, 12 საგოლე პასიც მიითვალა, მოიგო იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. 23 წლის შემტევმა იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა, 7 თამაშში 2 გოლი გაიტანა, ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ევროპის ჩემპიონიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები