Thumbnail
  • 'ის საუკეთესო პროდუქტია, რაც კი ბოლო წლებში ქართულ ძიუდოს ჩვენთვის მოუცია'
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილის შანსებზე დაწერა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ტოკიოს ოლიმპიადის წინ წონების მიხედვით ძიუდოისტების წარდგენას განაგრძობს და ამჯერად, ყურადღება 81 კგ-მდე წონით კატეგორიას დაუთმო. IJF-მა ვრცლად დაწერა ტატო გრიგალაშვილზე, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-3 ადგილზეა, თუმცა, საერთაშორისო ფედერაციის აზრით, ტოკიოში ფინალში უნდა ვიხილოთ:

“ტატო გრიგალაშვილს მე-3 განთესვა აქვს, თუმცა, მას მე-2 ნომერ საგი მუკიზე წინ ვაყენებთ და აგიხსნით, რატომაც. უდავოა, რომ ის საუკეთესო პროდუქტია, რაც კი ბოლო წლებში ქართულ ძიუდოს ჩვენთვის მოუცია. ის ჩინებული ძიუდოისტია, რომლის ბრძოლებიც ყოველთვის სანახაობრივია და ალბათ, სტილითაც წონის პირველ ნომერ მატიას კასეს ჰგავს. ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გრიგალაშვილი ფინალამდე ისე მივიდა, რომ შანსი არავისთვის დაუტოვებია. როდესაც კასესთან ფინალისთვის ემზადებოდა, მისი ხილვა ერთ რამედ ღირდა. ტატო ძალიან ენერგიულად ხურდებოდა და ემოციურადაც მაგრად დაიხარჯა, იმ ფონზე, როდესაც ბელგიელი სიმშვიდის განსახიერება გახლდათ. ეს, ალბათ ის ნაკლია, რომლის გამოსწორებაზეც ქართველმა ძიუდოისტდა უნდა იზრუნოს. ზედმეტი ემოციები გარკვეულწილად თავდაჯერებულობის ნაკლებობაზეც უნდა მიანიშნებდეს. ამბობენ, რომ მას უფრო დიდი ტალანტი აქვს, ვიდრე – კასეს, თუმცა, ამ დროისთვის მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ ბელგიელია და არა – ის. თუკი არაფერი მოულოდნელი არ მოხდა, სწორედ ეს ორნი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ოლიმპიადის ფინალშიც. სწორედ ამიტომ დავაყენეთ გრიგალაშვილი საგი მუკიზე წინ".

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გრიგალაშვილი ასაკის მიუხედავად უკვე საკმაოდ ტიტულოვანი ძიუდოისტია. მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედლის გარდა, ის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს ფლობს, ამასთან, დოჰას 2021 წლის მასტერსის ჩემპიონი და დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებულია. 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება, კონკრეტულად, ძიუდოს ტურნირი კი 24-31 ივლისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები