Thumbnail
  • იტალიაში რომელიმე დიდი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობა სურთ
  • განაცხადის წარმოდგენამდე ქვეყანამ ჯერ სტადიონები უნდა მოაწესრიგოს
  • იდეა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაახმოვანა  

იტალია ევროპის ჩემპიონობას ჯერ ისევ ზეიმებს და პარალელურად, რამდენიმე წლის შემდეგ დიდი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლობის შესაძლებლობასაც განიხილავს. იტალიელები ევროპის 2028 წლის ან მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობაზე მსჯელობენ. 

ამის შესახებ მედიასთან იტალიის ფეხბურთის დედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ისაუბრა. 

"განვიხილავთ იტალიის კანდიდატურას ევროპის 2028 წლის და მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატების მასპინძლობაზე. მოდით, ჯერ ვცადოთ ევრო, შემდეგ კი სხვა ვარიანტზე ვიფიქროთ", - თქვა გრავინამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსხვილი ტურნირის მიღებისთვის საჭირო იქნება ქვეყანაში სტადიონების გაუმჯობესება, რომელთაგან რამდენიმე 1990 წლის მუნდიალის შემდეგ (ბოლო დიდი ტურნირი, რომელიც მთლიანაც იტალიაში ჩატარდა) არც განახლებულა.  

ევრო 2020-ზე გამარჯვების აღლუმი იტალიაში

"უნდა გავაუმჯობესოთ სტადიონებზე მდგომაროება, რადგან თუკი არ დავიწყებთ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას, ასეთი გრანდიოზული მოვლენების ორგანიზებისთვის პრეტენდენტობას ვერასდროს შევძლებთ. ეს სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ.

მიმაჩნია, რომ ვერ გავაკეთებთ განაცხადს იმ პირობით, რომ "გვაქვს სტადიონები და თუკი დაგვითმობთ ტურნირის ჩატარებას, გავაუმჯობესებთ კიდეც", - აცხადებს გრავინა.

 ცნობილია, რომ ევროპის მომავალ, 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატებს, 2022 წლის მუნდიალი ყატარში გაიმართება, 2026 წლის ტურნირი კი - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

1990 წლის შემდეგ, იტალიაში რეკონსტრუქცია რამდენიმე არენას არ ჩატარებია

იტალიის ნაკრებმა ახლახან დასრულებულ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა. რობერტო მანჩინის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში, რომელიც "უემბლიზე" ჩატარდა, ინგლისს აჯობა (1:1, 3:2 პენ.). იტალიის დედაქალაქი რომი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იყო, რომლის ოლიმპიურ სტადიონზე ჯამში ტურნირის 4 შეხვედრა, მათ შორის გახსნის მატჩი ჩატარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები