Thumbnail

‘მომყიდეთ ყველა ვაქცინა’ - NBA-ს ვარსკვლავს მთელი ქვეყნის აცრა სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუსუფ ნურკიჩმა კორონავირუსის გამო უახლოესი ადამიანები დაკარგა
  • პორტლენდის ცენტრს ვაქცინების შეძენა მთელი ქვეყნისთვის სურს

NBA-ს ვარსკვლავმა იუსუფ ნურკიჩმა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის ვაქცინა სამშობლოში ყველა იმ ადამიანისთვის შეიძინოს, ვისი აცრაც ჯერ ვერ მოხერხდა. პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ცენტრი აცხადებს, რომ ვირუსის გამო მისი ოჯახის რამდენიმე წევრი გარდაიცვალა, რის გამოც მიზნად დაისახა, რომ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ყველა ადამიანი აცრას.

“შევეცადე, ვაქცინები მთელი ქვეყნისთვის შემეძინა. მაქვს ფული, გავწერე გეგმა და მოვიფიქრე ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. მე ყველანაირად მზად ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ყველა ადამიანს ვუყიდო ვაქცინა და დავაფინანსო საყოველთაო აცრის ორგანიზების საკითხები,” - უთხრა ნურკიჩმა ESPN-ს.

ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში კოვიდ-19 200 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 9 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ვაქცინების რაოდენობა იქაც შეზღუდულია.

“ჩემს სამშობლოში დღემდე ფაქტობრივად მხოლოდ ის ვაქცინები იყო ხელმისაწვდომი, რაც ქვეყანას აჩუქეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას, - დასძინა პორტლენდის კალათბურთელმა, - აშშ-ში ვაქცინის შეძენა შეუძლებელია მანამდე, სანამ აქ ყველა არ აიცრება. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მზად ვარ ყველაფრისთვის, მზად ვარ საჭირო რაოდენობის შესაძენად ჩემი ქვეყნისთვის. მომივიდა ინფორმაცია, რომ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა გამოუყენებელი რჩება და გული მწყდება. მსოფლიოში ბევრ ქვეყანას უჭირს, ადამიანებს აცრა სურთ, მაგრამ ვაქცინები არ აქვთ, ამ დროს კი არსებობენ ქვეყნები, სადაც ვაქცინა არსებობს, მაგრამ ადამიანები არ იყენებენ.”

26 წლის ნურკიჩის თქმით, კორონავირუსმა მისთვის ბევრი ახლობელი ადამიანი იმსხვერპლა, სულ ბოლოს კი კორონავირუსის გამო მისი ბებია გარდაიცვალა. “დაინფიცირებიდან 17 დღის შემდეგ თითქოს კორონავირუსს გადაურჩა, მაგრამ მე-19 დღეს გულის ინფარქტით გარდაიცვალა, რაც სწორედ კორონავირუსის გართულებებით იყო გამოწვეული.”

კომენტარები

ბოლო ამბები