Thumbnail
  • სერხიო აგუეროს წასვლის შემდეგ მანჩესტერ სიტი ახალ ფორვარდს ეძებს
  • ტოტენჰემი ჰარი კეინის გაშვებას მინიმუმ 1 წელი არ აპირებს
  • 'ქალაქელები' კეინის ალტერნატივად ბაიერნის ფორვარდს განიხილავენ

Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი მიუნხენის ბაიერნის გოლეადორით, რობერტ ლევანდოვსკით დაინტერესდა. ინგლისური კლუბი პოლონელს ჰარი კეინის ალტერნატივად განიხილავს. 

"ქალაქელთა" რიგები 2020/21 წლების სეზონის ბოლოს სერხიო აგუერომ დატოვა. მანჩესტერულ კლუბში გატარებული წლების შემდეგ არგენტინელი ფორვარდი ბარსელონას სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გუნდიდან ცენტრფორვარდის წასვლის შემდეგ ლოგიკურია, რომ მანჩესტერულმა კლუბმა აგუეროს შემცვლელი უნდა მოძებნოს. ცოტა ხნის წინ, პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა ტოტენჰემს ჰარი კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი შესთავაზეს. სიტი მზადაა, კეინის ტრანსფერში რამდენიმე მოთამაშეც ჩართოს, თუმცა ტოტენჰემის ხელმძღვანელებს ინგლისის ნაკრების კაპიტნის გუნდიდან გაშვება არ სურთ. მათი მიზანი კეინის გუნდში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დატოვებაა.

ტოტენჰემთან მოლაპარაკებების გართულების შემდეგ, სიტის ხელმძღვანელობამ ფორვარდის პოზიციაზე ალტერნატიული ვარიანტების განხილვა დაიწყო და სასურველი თავდამსხმელების სიის სათავეში ლევანდოსვკი მოექცა.

სიტი კეინის ალტერნატივად რობერტ ლევანდოვსკის განიხილავს

პოლონელს ბაიერნთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გერმანულ კლუბში დიდი ცვლილებებია. ჰანსი ფლიკის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი იულიან ნაგელსმანმა დაიკავა, რომელიც თავის ძველ კლუბს, ლაიპციგს, გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ხშირად ათამაშებდა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სიტის, ისევე როგორც ყველა გუნდს, ეკონომიკური კრიზისი აქვს და ამ ზაფხულს ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელება გაუჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები