Thumbnail

გაგრას მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ მონტენეგროს სუტიესკასთან საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდის თავკაცი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა პირობას დებს, რომ მისი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.

საქართველოს თასის მფლობელი, რომელმაც კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი პოდგორიცაში მინიმალური ანგარიშით (0:1) დათმო, საპასუხო დაპირისპირებას 15 ივლისს, "მიხეილ მესხზე" გამართავს.

გაგა კირკიტაძე (გაგრას მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ფორმაშია, ერთადერთი ვინც არ გვყავს, თორნიკე მუმლაძეა, რომელიც ტრავმის გამო წინა თამაშშიც გვაკლდა.

ჩვენ ვნახეთ, როგორი გუნდია მეტოქე, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სუტიესკა საკმაოდ კარგი, ფიზიკურად ძლიერი და დაბალანსებული გუნდია. ჰყავს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები. მაგრამ შევეცდებით, გამოვიყენოთ ის მინუსები, რაც დავინახეთ. 
  
ასეთი დონის მატჩების არქონა ზეგავლენას ახდენს. ჩემი აზრით, პირველ თამაშში გვქონდა ორი ასპროცენტიანი მომენტი. ჩვენს ბევრ ფეხბუთელს ეროვნული ლიგაც კი არ აქვს ნათამაშები და რა თქმა უნდა, გამოუცდილობის პრობლემა იყო. თუმცა, მათ ყველაფერი გაიღეს, რათა თავი კარგად წარმოეჩინათ. 

არ მინდა ტყუილი მოლოდინები გავაჩინო. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ისრაელში ვითამაშოთ. შანსებს ვერ შევაფასებ. რეალისტი ვარ და მირჩევნია, ფაქტებით ვისაუბრო. 

ფეხბურთი იმიტომ არის N1 სპორტი, რომ მნიშვნელოვანია მოედანზე მაყურებელი. როგორც წესი, ისეთი მატჩების ჩატარება გვიწევს, სადაც თამაშზე 40-50 კაცი მოდის… რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ამჯერად მაყურებელი მოედანზე მოვა. ვიცით, რომ აფხაზეთიდან დევნილი ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და შევეცდებით, მათ წინაშე მაქსიმალურად დავიხარჯოთ".

გაგრა ისტორიის დასაწერად ემზადება 
📸 | გაგრა

სუტიესკას ბარიერს დაძლევის შემთხვევაში, გაგრა კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე  თელ ავივის მაკაბის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები