Thumbnail
  • მეორე დღეა, მედიაში ფლორენტინო პერესის აუდიო-ფაილები ქვეყნდება
  • კასილიასის და რაულის შემდეგ, ჩანაწერები რონალდოსა და მოურინიოზეც გავრცელდა 
  • რეალის პრეზიდენტმა საქმეში ადვოკატები ჩართო

მადრიდის რეალში მეგა-სკანდალია! მთავარ როლში: “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

მეორე დღეა, El Confidencial აქვეყნებს ძველ აუდიო-ჩანაწერებს, რომლებშიც რეალის ბოსი კლუბის ლეგენდებზე, იკერ კასილიასზე, რაულსა და კრიშტიანო რონალდოზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად საუბრობს. ზოგიერთი ჩანაწერი 2006 წელსაა გაკეთებული, ზოგიც 2012-ში.

ჩანაწერებში პერესი რონალდოზე, რაულზე, კასილიასსა და მოურინიოზე საუბრობს

ოთხშაბათს ესპანურ მედიაში ახალი აუდიოფაილები გავრცელდა, რომლებშიც პერესი რონალდოზე და ჟოზე მოურინიოზე საუბრობს. აუდიო-ჩანაწერებში პერესი რონალდოს “გიჟს” უწოდებს: “ეს ტიპი სულელია, ავადმყოფია. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ბიჭი ნორმალურია, მაგრამ არ არის! სხვა შემთხვევაში, არ გააკეთებდა იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს… როგორ ფიქრობ, რატომ აკეთებს ასეთ სისულელეებს?” - ამბობს პერესი კრიშტიანოზე.

მოურინიოზე საუბრისას პერესი აღნიშნავს, რომ პორტუგალიელი “საშიში ეგოისტია”, “იდიოტია” და “არანორმალური”. აღსანიშნავია, რომ აუდიო-ჩანაწერებში რთულია იმის განსაზღვრა, რომელ სიტუაციაზე საუბრობს პერესი და რა კონტექსტშია ეს განცხადებები გაკეთებული.

'საშიში ეგოისტები არიან, ორივე განებივრებულია - მწვრთნელიც და ისიც'

რონალდოზე და მოურინიოზე პერესი ასევე ამბობს: “ეს ტიპები საშიში ეგოისტები არიან, ორივე განებივრებულია - მწვრთნელიც და ისიც. ორი არანორმალური… ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ფულზე... ისინი არავის მოსწონს და უყვარს, მაგრამ თუ რეკლამა საპირისპიროს ამტკიცებს, მაშინ ასეა…”

მანამდე, სამშაბათს გავრცელდა აუდიო-ჩანაწერები, სადაც პერესი რაულზე და იკერ კასილიასზე საუბრობდა.

რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი

“ის არ არის რეალ მადრიდის მეკარე. არ არის! არც არასდროს ყოფილა. ის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო იმ შეცდომებს შორის, რაც ოდესმე დაგვიშვია.” - ამბობს პერესი კასილიასზე და აგრძელებს: “მოხდა ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას პატივს სცემენ, უყვართ და ელაპარაკებიან. ისინი მას ძალიან იცავენ. ის ერთ-ერთი უდიდესი მოღალატეა, მეორე კი რაულია.”

აუდიო-ჩანაწერებში ისმის, რომ პერესი ფეხბურთელებს ეგოისტებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ არ უნდა ენდო და ვინც ენდობა, შეცდომას უშვებს. პერესი რაულს რეალის “დანგრევას” აბრალებს: “ცუდია… შეიძლება დაიჯერო, რომ რეალ მადრიდი მას ეკუთვნის.”

ფლორენტინო პერესმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ აუდიო-ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და მის დისკრიმინაციას ემსახურება. რეალის პრეზიდენტის თქმით, “ამ კამპანიის” ავტორთა მიზანი მისი დისკრიმინაციაა ევროპის სუპერლიგის იდეის გამო. პერესმა საქმეში ადვოკატები ჩართო.

კომენტარები

ბოლო ამბები