Thumbnail
  • როჯერ ფედერერი იძულებულია, ოლიმპიადაზე უარი თქვას
  • შვეიცარიელმა ლეგენდამ მიზეზები პოსტში განმარტა

როჯერ ფედერერს ოლიმპიადაზე ვერ ვნახავთ! ლეგენდარული შვეიცარიელი იძულებულია, ტოკიოს თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვას და ამით მის ოცნებას, მოიპოვოს ოქროს მედალი ერთეულთა თანრიგში, ასრულება არ უწერია. 39 წლის შვეიცარიელმა, რომელსაც დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოგებული და 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი წყვილებში მოიგო, გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში განმარტა.

“სამწუხაროდ, მუხლი ისევ დამიზიანდა და უნდა მივიღო ის ფაქტი, რომ ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე ვერ ვიასპარეზებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემთვის ყოველთვის, ნებისმიერ დროს დიდი პატივი იყო შვეიცარიისთვის თამაში,” - წერს ფედერერი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტში და დასძენს, რომ ზაფხულშივე დაბრუნების იმედი აქვს: “შვეიცარიის ოლიმპიურ ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენს გუნდს შორიდან ვუგულშემატკივრებ. როგორც ყოველთვის, Hopp Schwiz.”

2004 წელს ათენში და 2008 წელს პეკინში როჯერი შვეიცარიის მედროშე გახლდათ. 2008 წელს მან თანამემამულე სტენ ვავრინკასთან ერთად წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, 2012 წელს კი, ლონდონში, ერთეულთა თანრიგში ვერცხლის მედალს დაეუფლა - ფინალში ენდი მარისთან დამარცხდა. 2016 წლის თამაშები (რიოში) ფედერერმა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთს არა მხოლოდ როჯერი, არამედ კიდევ რამდენიმე განსაკუთრებული მოთამაშე დააკლდება. ტოკიოში ვერც სერენა უილიამსს, რაფაელ ნადალს, დომინიკ ტიმს ან სიმონა ჰალეპს ვნახავთ. სამშაბათს ოლიმპიადაზე ასპარეზობაზე უარი თქვა აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულმა ბიანკა ანდრეესკუმაც. კანადელმა ეს გადაწყვეტილება პანდემიით ახსნა. გამორიცხული არ არის, რომ სხვებმაც უარი თქვან. უიმბლდონის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩის თქმით, მისი შანსები 50:50-ზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები