Thumbnail

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი არაბიძე სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდა
  • 23 წლის ფეხბურთელი სამტრედიაში ითამაშებს

გიორგი არაბიძე კარიერას საქართველოში გააგრძელებს და სამტრედიას ღირსებას დაიცავს. 23 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში იმერულ გუნდში ვარჯიშობდა და მხარეებმა საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწიეს. 

უცნობია, რა სტატუსით შეუერთდა გიორგი სამტრედიას, თუმცა ცნობილია, რომ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ფეხბურთელს კონტრაქტი პორტუგალიურ ნასიონალთან 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, გასულ სეზონში კი ვოლგოგრადის როტორში იჯარით თამაშობდა, სადაც 4 თამაში ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

არაბიძე საქართველოში ბოლოს თბილისის ლოკომოტივში, 2014/15 წლების სეზონში თამაშობდა, ხოლო შემდეგ დონეცკის შახტარში გადავიდა. როტორისა და ნასიონალის გარდა, ფეხბურთელი თურქული ადანასპორის წევრიც იყო. საქართველოს ნაკრებში გიორგის 4 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ეროვნულ გუნდში ბოლოს 2017 წელს ითამაშა.

რაც შეეხება სამტრედიას, იმერულ გუნდს რთული სეზონი აქვს და საქართველოს ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-10 ადგილზეა, უახლოეს მდევრებსა, თელავსა და ტორპედოს კი 9 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები