Thumbnail

‘ბედნიერები ვიქნებოდით, ჩვენთან რომ იყოს’ - კიელინიმ ასტორი გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

იტალიაში ევროპის ჩემპიონობით გამოწვეული უდიდესი სიხარული გრძელდება, “სკუადრა აძურას” ფეხბურთელები კი ყოფილი თანაგუნდელი, სამი წლის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი დავიდე ასტორი არ დაივიწყეს.

“ბედნიერები ვიქნებოდით, დღეს, აქ ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო და ეს სიხარული გაეზიარებინა, - განაცხადა იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრის დროს, - ჩვენ გვინდა, რომ ეს ტრიუმფი დავიდე ასტორის მივუძღვნათ.”

ჯორჯო კიელინი და დავიდე ასტორი

ფლორენციის ფიორენტინას მცველი 2018 წელს, 31 წლისა გარდაიცვალა - მას მოულოდნელად გული გაუჩერდა. ასტორის იტალიის ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. კიელინის თქმით, დავიდე იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო და ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოხვდებოდა გუნდში, რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამ წელიწადში ევროპის ჩემპიონი გახდა.

“ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც რთულ მომენტებშიც კი არ დაკარგა თავისი სული. ის, რასაც მივაღწიეთ, მხოლოდ გუნდური თამაშით და ერთმანეთისთვის ბრძოლით იყო შესაძლებელი,” - ესეც 36 წლის კიელინის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები