Thumbnail

'ფენომენმა გადამარჩინა' - რატომ ამჯობინა ჟორჟინიომ ბრაზილიას იტალია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის ნაკრების ჩემპიონობაში ჟორჟინიოს უდიდესი წვლილი მიუძღვის - "სკუადრა აძურა" მის გარეშე წარმოუდგენელია. 29 წლის ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ უელსთან უმოტივაციო თამაშში შეცვალეს - ისიც ბოლო წუთებზე. ფინალის შემდეგ მისი პირველი ინტერვიუ Globo TV-მ გამოაქვეყნა.

ჟორჟინიო "სკუადრა აძურას" მთავარი პენალტისტია. ესპანეთთან დავალება უშეცდომოდ შეასრულა და გუნდი ფინალში გაიყვანა. ინგლისთან თერთმეტმეტრიანების სერიასაც იდენტური სცენარი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად, გატანა ვერ მოახერხა, რაც დიდი შანსი იყო, იტალიას წაგების ფასად დაჯდომოდა, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმამ ჟორჟინიოც და გუნდიც გადაარჩინა.

"ეს ყველაფერი გათვლილი იყო, ვიცოდი, რომ დონარუმა აიღებდა", - იხუმრა 29 წლის ნახევარმცველმა, თუმცა, შემდეგ სერიოზულ პასუხზე გადავიდა: "იმ მომენტში ძალიან დამწუხრებული ვიყავი, რადგან გუნდს ნანატრი გამარჯვება ვერ მოვუტანე. საბედნიეროდ, კარში გვყავს ფენომენი, რომელმაც ჩემი გადარჩენა შეძლო. ჩვენ ერთმანეთის გვჯეროდა - როცა ყველა ერთი მიმართულებით მიდის, შედეგიც აუცილებლად მოვა. ქვეყანა აფეთქდა, რომში ზეიმი იყო, ეს დაუვიწყარია, ძალიან ამაღელვებელი. გულით ვამბობ, რომ ეს ქვეყანა მიყვარს, იტალიამ მიმიღო და მეც დიდ სიყვარულს ვგრძნობ."

მომენტი, როცა ჟორჟინიო გმირის ნაცვლად კინაღამ ანტიგმირი გახდა

ჟორჟინიო ბრაზილიელია და ბრაზილიაში დაიბადა, თუმცა 15 წლიდან იტალიაში ცხოვრობს. მისი დიდი ბაბუა ჯაკომო ფრელო იტალიელი იყო და მოქალაქეობაც ამის ხარჯზე მიიღო. ბედნიერია, რომ ბრაზილიის ნაკრებს იტალიის ნაკრები ამჯობინა: "იტალიის 21-წლამდე ნაკრებიდან რომ დამირეკეს, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ბრაზილიის ნაკრებისგან მაშინ თავს შორს ვხედავდი. იმის გამო, რომ იტალიამ თავის დროზე კარი გამიღო და აქ კარგად მიმიღეს, წინადადებაზე ორჯერ არ მიფიქრია. ამის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ორი ამხანაგური თამაში მქონდა ჩატარებული, როცა 2017 წელს შვედეთთან პლეი ოფის მატჩისთვის გამომიძახეს და მაშინ ბრაზილიის ნაკრებშიც მიმიწვიეს. ეს მომენტი ძალიან რთული იყო, ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. თუმცა, შვედეთთან პლეი ოფის მატჩებში ვგრძნობდი, რომ იტალიას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ეს ქვეყანა მე რთულ პერიოდში დამეხმარა, კარი გამიღო და თბილად მიმიღო. ამიტომ, იტალიას ზურგს ვერ შევაქცევდი. საბოლოოდ, ეს არჩევანი გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ", - ამბობს ის.

უკვე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ წლის ბოლოს, შესაძლოა მან 'ოქროს ბურთი' მოიგოს. ჟორჟინიოს მართლაც საოცარი წელი აქვს, ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ახლა კი ევროპის ჩემპიონატი, თანაც, ორივე გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ჟორჟინიო: "ოცნებებისთვის ვცხოვრობთ, მაგრამ გულწრფელი ვიქნები: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით აირჩევა საუკეთესო. ვიცი, რომ ყველაზე ნიჭიერი არ ვარ და შესაბამისად, მსოფლიოში საუკეთესოც არ ვარ, მაგრამ თუ ტიტულებით შეაფასებენ, მაშინ ჩემზე მეტი წელს არავის მოუგია. ყველაფერი კრიტერიუმებზეა დამოკიდებული."

მან მაისში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ივლისში - ევროპის ჩემპიონატი

სპეციალისტები და გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ იტალიის ნაკრებმა სათამაშო ფილოსოფია შეიცვალა და უფრო ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი გახდა. ჟორჟინიო ამას რობერტო მანჩინის დამსახურებად მიიჩნევს: "თამაშის სტილის შეცვლა მანჩინის დამსახურებაა. ის ძალიან ჭკვიანია ფეხბურთელების თვისებების ამოცნობაში და თამაშიც ამას მოარგო. ეს განსაკუთრებული გუნდია, ერთი მეორეს ყოველთვის ქომაგობს. ნაკრების ორი ფორვარდი, ერთმანეთის კონკურენტები, გუნდში საუკეთესო მეგობრები არიან. ვიცოდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდის თავის ადგილზე დასაბრუნებლად."

ჟორჟინიო იტალიის ნაკრებში პირველად 2016 წლის მარტში ანტონიო კონტემ გამოიძახა, ორჯერ ამხანაგურ მატჩშიც ათამაშა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა. ჯამპიერო ვენტურამ კი ის მხოლოდ ერთხელ ათამაშა, შვედეთთან მუნდიალის პლეი ოფის მატჩში, რომელიც იტალიისთვის კატასტროფულად დასრულდა. მანჩინიმ კი ყველაფერი შეცვალა და გუნდის თამაში ჟორჟინიოს გარშემო ააგო. 29 წლის ფეხბურთელს "სკუადრა აძურაში" 35 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი. მან საფეხბურთო კარიერაც იტალიაში დაიწყო, ვერონაში, შემდეგ ნაპოლიში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ჩელსის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები