- ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში უმეტესად ფინალისტები მოხვდნენ
- საუკეთესო ბომბარდირისთვის იქ ადგილი არ აღმოჩნდა
- ისტორია დაწერილია - მანჩინის იტალია უკვე უკვდავია
უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო თერთმეტეულში უმეტესად ფინალისტი გუნდების მოთამაშეები არიან.
ჩემპიონ იტალიას ტურნირის სიმბოლურ გუნდში 5 ფეხბურთელი ჰყავს, ვიცე-ჩემპიონ ინგლისს კი - 3. მათ გარდა, საუკეთესოებს შორის დანიის, ესპანეთის და ბელგიის ნაკრები გუნდების თითო ფეხბურთელი მოხვდა.
კარში ფინალის გმირი ჯანლუიჯი დონარუმაა, რომელიც უეფამ მთლიანად ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა. მცველებიდან უეფამ კაილ უოკერი (ინგლისი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), ჰარი მაგუაირი (ინგლისი) და ლეონარდო სპინაცოლა (იტალია) გამოარჩია. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში ტრავმა მიიღო და მერე აღარ უთამაშია, მაგრამ მანამდე ორჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - დაშავებამდე სპინაცოლას ბევრი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევდა.

ნახევარდაცვაში პიელ ემილ ჰოიბერგი (დანია), ჟორჟინიო (იტალია) და პედრი (ესპანეთი) არიან, ხოლო თავდასხმაში კი - ფედერიკო კიეზა (იტალია), რომელუ ლუკაკუ (ბელგია) და რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი). ბევრისთვის მოულოდნელად, უეფას სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდნენ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები კრიშტიანო რონალდო და პატრიკ შიკი, რომლებმაც 5-5 გოლი გაიტანეს. საუკეთესოებს შორის არ არის ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინიც, რომელმაც 4 გოლის გატანა შეძლო.
კომენტარები