Thumbnail

შოტლანდიური გაზეთი The National გამოვიდა ინიციატივით, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ქვეყნის საპატიო მოქალაქეობით დაჯილდოვდეს. შოტლანდიელებს იტალიელი სპეციალისტის მიმართ პატივისცემის გამოხატვა ევროპის 2020 წლის ფინალში ინგლისის ნაკრების დამარცხების გამო სურთ.

რობერტო მანჩნიმ ევროპის ჩემპიონის თასი ლონდონში არ დატოვა

კონტინენტის პირველობის ფინალში, რომელიც ლონდონში, “უემბლიზე” გაიმართა, “სკუადრა აძურამ” "სამ ლომთან" გამარჯვება, ფრედ დასრულებული ძირითადი და დამატებით ტაიმების შემდეგ დანიშნულ პენალტების სერიაში მოახერხა (1:1, 3:2 პენ.). 

"მიანიჭეთ რობერტო ბრიუსს (რობერტ I ბრიუსი - შოტლანდიის მეფე XIII საუკუნეში, რომელიც ინგლისისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა) შოტლანდიის საპატიო მოქალაქეობა. მოვუწოდებთ The National-ის მკითხველებს, მხარი დაუჭირონ მანჩინის დაჯილდოებას შოტლანდიის წინაშე დამსახურებისთვის", - წერს გამოცემა ტვიტერზე და აქვეყნებს გამოცემის ახალი ნომრის გარეკნის ფოტოს, რომელზეც რობერტო მანჩინია გამოსახული. 

შოტლანდიელებისთვის ინგლისი ისტორიული და პრინციპული მეტოქეა

შოტლანდიური გაზეთი ჯერ კიდევ ფინალურ შეხვედრამდე იყო იტალიელი სპეციალისტით აღფრთოვანებული, მის ნაკრებს კი ინგლისელებთან გამარჯვებას უსურვებდა. გამოცემამ ერთ-ერთი ნომრის გარეკანზე რობერტო მანჩინი თვით უილიამ უოლასის როლში წარმოადგინა. 

"გვიხსენი, რობერტო, შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ", - ეწერა მთავარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ უიამ უოლასი ცნობილი მხატვრული ფილმის "მამაცი გულის" მთავარი გმირია, რომელსაც მელ გიბსონი ასრულებს. ფილმი ინგლისის ბატონობისგან შოტლანდიელთა განმათავისუფლებელ ბრძოლას ეძღვნება.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რობერტო მანჩინიმ გაზეთის ის ნომერი, რომლის გარეკანზეც "მამაცი გულის" მთავარ გმირად იყო გამოყვანილი, დიდი ბრიტანეთიდან იტალიაში თან წაიღო. აღნიშნული გაზეთი რობერტოს პირად ნივთებთან, მათ შორის თასთან ერთად, თვითმფრინავის სალონში ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. 

იტალიის ნაკრების თავკაცი სამშობლოში თასთან და გაზეთთან ერთად ბრუნდება

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებები ერთად გამოდიოდნენ. მეტოქეები ერთმანეთს მე-2 ტურში დაუპირსიპირდნენ და "უემბლიზე" ჩატარებული დაძაბული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0.

კომენტარები

ბოლო ამბები