Thumbnail
  • 'ქვეყანაში, სადაც ფეირ პლეი პრიორიტეტად ითვლება, ამ პრინციპს საერთოდ არ იცავენ'
  • ლეგენდარულმა გერმანელმა არ დამალა, რომ ფინალში იტალიის ნაკრების მხარეს იყო

გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა ევრო 2020-ის ფინალის შესახებ ისაუბრა და არ დამალა, რომ გადამწყვეტ მატჩში იტალიელებს გულშემატკივრობდა. მათეუსი ინგლისელებს იმის გამო გაუბრაზდა, რომ ტურნირის მიმდინარეობისას მეტოქეთა მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენდნენ. აი, რა დაწერა ლოთარმა Sky Sport Deutschland-ის სვეტში.

“სიმართლე გითხრათ, ინგლისელები საერთოდ არ შემცოდებია. კი, ფეხბურთელებს თანავუგრძნობ, მათ მოგებისთვის ყველაფერი გაიღეს, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი მათ ქომაგებზე, სრულიად ინგლისელ ხალხზე. მანჩინის გუნდის მხარეს მხოლოდ იმიტომ არ ვიყავი, რომ იტალიაში დიდი პერიოდი მაქვს გატარებული. უკანასკნელ დღეებში ბევრი რა მოხდა ისეთი, რამაც მიზეზი მომცა, ინგლისელები არ მყვარებოდა. ისინი დანიის ნაკრების მეკარეს თვალებში ლაზერს ანათებდნენ, მეტოქეთა ჰიმნების დროს უსტვენდნენ, ნახევარფინალი მოგონილი პენალტით მოიგეს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ქვეყანაში, სადაც ფეირ პლეი პრიორიტეტად ითვლება, ამ პრინციპს საერთოდ არ იცავენ. ამის გამო, იტალიელთა წარმატება კიდევ უფრო მეტად მიხარია”.

შეგახსენებთ, რომ ევროპის გასული ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა 3:2 იმარჯვა და თასი უემბლიზე აღმართა. 60 წლის მათეუსს იტალიაში 1988-1992 წლები აქვს გატარებული, როდესაც მილანის ინტერის ღირსებას იცავდა. მას გერმანიის ნაკრებში 20 წლის განმავლობაში 150 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები