Thumbnail

სიგიჟე რომის ქუჩებში - იტალიის ნაკრები ტიფოზებთან ერთად ზეიმობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის დედაქალაქ რომში ნამდვილი დღესასწაულია. ევროპის ჩემპიონობას ხალხი ფეხბურთელებთან ერთად ქუჩებში ზეიმობს. იტალიელი ტიფოზები ევროპის ჩემპიონებს ჩემპიონურად დახვდნენ. ავტობუსი, რომელშიც ფეხბურთელები იმყოფებიან, რომის ქუჩებში მოძრაობს და მოთამაშეებს უამრავი ხალხი ეგებება.

სანამ იტალიელი ფეხბურთელები გულშემატკივრებთან ერთად ქუჩაში გავიდოდნენ, იქამდე მათ ქვირინალის სასახლეში იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ უმასპინძლა. იქ "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი და კაპიტანი ჯორჯო კიელინი სიტყვით გამოვიდნენ.

"ვამაყობთ, რომ აქ, ქვირინალეში ვიმყოფებით. მადლობას ვუხდით პრეზიდენტს, რომ ჩვენი პირველი გულშემატკივარი იყო. როგორც იქნა, ქვეყანას ზეიმი დაუბრუნდა, ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ულამაზესი ფურცლის დაწერით. გამარჯვებას ყველა იტალიელს ვუძღვნით. ვულოცავ მატეო ბერეტინისაც, დარწმუნებული ვართ, რომ ის უიმბლდონს მომავალში მაინც მოიგებს", - თქვა მანჩინიმ, რომელმაც იტალიას ევროპის ჩემპიონის ტიტული 53 წლის შემდეგ მოუტანა.

ჯორჯო კიელინიმ კი გამარჯვება დავიდე ასტორის მიუძღვნა, რომელიც 3 წლის წინ უდინეში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ჯორჯომ მეგობარი არ დაივიწყა:

"ძვირფასო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და გუნდის სახელით, თქვენი ფინალზე ყოფნა მნიშვნელოვანი ჟესტი იყო. გვინდოდა გამარჯვება მოგვეძღვნა თქვენთვის, იტალიელებისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის მთელ მსოფლიოში. ასევე გვინდა, გამარჯვება მივუძღვნათ დავიდე ასტორის, გვინდოდა, რომ ისიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო, ის ყოველთვის არის იმ ადამიანების გულებსა და ფიქრებში, ვინც მას იცნობდა. დღეს აქ არ ვართ იმისთვის, რომ ერთით მეტი პენალტი გავიტანეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ, გუნდის ინტერესი ყოველთვის მაღლა იდგა პირად ინტერესებზე, ჩვენ ვიქეცით იტალიელ ძმებად და მზად ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გვიყვარს, ყველაფერი გავაკეთოთ".

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებს "უემბლის" სტადიონზე მოუგო და ამ ტიტულს 1968 წლის მერე პირველად დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები