Thumbnail

რაშფორდის გრაფიტი ჯერ შეურაცხყვეს, შემდეგ კი გულებით მოხატეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარკუს რაშფორდმა იტალიასთან პენალტი ააცილა და ამით ქომაგები გააბრაზა
  • საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მანჩესტერელს მხარდაჭერა გამოუცხადა

მანჩესტერელებმა თანადგომა გამოხატეს კლუბისა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის მარკუს რაშფორდის მიმართ, რომლის გრაფიტიც ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ შეურაცხყვეს.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდი ერთ-ერთი გახლდათ, ვინც იტალიასთან მატჩის მერე პენალტი ააცილა. შედეგად, გამარჯვება აპენინელებს დარჩათ, ინგლისელ ფეხბურთელებს თავს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდათ.

სწორედ ფინალის შემდეგ იუნაიტედის ფეხბურთელის გრაფიტზე გაჩნდა შეურაცხმყოფელი წარწერა Ваstard. პოლიციამ მისი გადაფარვა ბანერით სცადა, თუმცა, ქომაგებმა უკეთესი რამ მოიფიქრეს. მათ კედელზე გულები და წარწერები მიაკრეს: “ძმა”, “გმირი”, “შვილი”, “მისაბაძი მაგალითი”, “მიყვარხარ” და სხვა.

ცნობისთვის, მანჩესტერში რაშფორდის გრაფიტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფეხბურთელმა კოვიდ-პანდემიის დროს საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და მიუსაფარი ბავშვების კვებისთვის 20 მილიონ გირვანქამდე შეაგროვა.

საინტერესოა, რომ ამავდროულად, ლონდონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეურაცხყოფების გამო.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა არაერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა და მუქარის ნიშნებსაც შეიცავდა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და გამოძიებულ იქნება”, - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამივე ფეხბურთელი, ვინც იტალიასთან პენალტების სერიაში დარტყმა გააცუდა, შავკანიანია: რაშფორდი, ჯეიდონ სანჩო და ბუკაიო საკა. “სკუადრა აძურამ” 11-მეტრიანებში 3:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები