Thumbnail
  • 'კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ ტესტამდე სერიოზული პრობლემა არ გვქონია'
  • 'ქურციკების' დირექტორმა ეპიდემიის მიზეზად ბორჯღალოსნებთან შეხვედრა დაასახელა

“ქურციკების” დირექტორმა რასი ერასმუსმა სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებში ეპიდ-აფეთქებაზე ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ გუნდში კოვიდის შემთხვევების მატება საქართველოსთან მატჩმა გამოიწვია. ერასმუსს ჰკითხეს, რით ხსნის აფრიკელთა რიგებში გართულებულ ვითარებას. აი, პასუხიც:

“შემიძლია გითხრათ, რომ მორაგბეთა უსაფრთხოებისთვის იმაზე მეტს, რაც გავაკეთეთ, ვერ გავაკეთებდით. როდესაც ბანაკი ბლუმფონტეინში გვქონდა, 3 კვირის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. მოგვიანებით ლეგიონერები შემოგვიერთდნენ და მაშინაც კი მხოლოდ ერთი დადებითი ტესტი გამოვლინდა, ვგულისხმობ სნაიმანის შემთხვევას. მანაც შეკრება მალევე დატოვა და არაფერი მომხდარა, სანამ საქართველოს არ შევხვდით. ამ მატჩის მერე კი შემთხვევებმა იმატა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოსთან მატჩის შემდეგ სასტუმრო არავის დაუტოვებია, გარეთ საერთოდ არავინ გასულა. ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ ტესტამდე სერიოზული პრობლემა არ გვქონია. კიდევ კარგი, ახლა გავრცელება მაინც შევამცირეთ და 34 მორაგბე გვყავს, რომლებიც სრულ იზოლაციაში ემზადებიან”.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებთა პირველი ტესტი 2 ივლისს შედგა და ის “ქურციკებმა” 40:9 მოიგეს. სწორედ ამ თამაშის შემდეგ ორივე გუნდში კოვიდ 19-ის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა და როგორც აფრიკული მხარე წერს, მათ რიგებში ინფიცირებულთა რიცხვი 20-მდე ავიდა. ცხადია, “ბორჯღალოსნებთან” მე-2 მატჩი, რომელიც 9 ივლისს იყო დაგეგმილი, ჩაიშალა, ახლა კი, სამხრეთ აფრიკა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან ტესტებისთვის ემზადებიან. მატჩები 24 და 31 ივლისს და 7 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები