Thumbnail
  • არგენტინული მედია კონმებოლსა და უეფას საინტერესო მატჩის იდეას სთავაზობს
  • მარადონას სუპერთასისთვის არგენტინისა და იტალიის ნაკრებებმა უნდა ითამაშონ

იტალია ევროპის ჩემპიონია, არგენტინა - სამხრეთ ამერიკის. არგენტინაში გაჩნდა იდეა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს სიმბოლურად დაუპირისპირდნენ - დიეგო მარადონას სუპერთასზე!

გავლენიანი გამოცემა "ოლე" წერს, რომ უეფასა და კონმებოლს შორის არსებულმა მეგობრულმა ურთიერთობამ შესაძლოა ამ იდეას ფრთები შეასხას. თუმცა, არსებობს სერიოზული დაბრკოლება - თარიღი. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამართოს, იქამდე კი გუნდებს თავისუფალი კალენდარი პრაქტიკულად არ აქვთ, რადგან ორივეს უწევს მუნდიალის შესარჩევში თამაში.

ევროპის ჩემპიონი იტალია

აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებობდა ფიფას კონფედერაციათა თასი, რომელიც ბოლოს 2017 წელს ჩატარდა და წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ აღარ ჩატარდება. ეს ტურნირი 1997 წელს დაარსდა და ბოლო ჩემპიონი გერმანიაა, რომელმაც ფინალში ჩილე დაამარცხა. მასში ექვსი კონფედერაციის: კონმებოლის, კონკაკაფის, უეფას, აზიის, აფრიკისა, ოკეანიის ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მასპინძელი ქვეყანა თამაშობდა.

კონფედერაციათა თასს წინ უსწრებდა არტემიო ფრანკის სახელობის თასი, რომელიც ორჯერ, 1985 და 1993 წლებში ჩატარდა. პირველად ევროპის ჩემპიონმა საფრანგეთმა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ურუგვაი ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ არგენტინამ პენალტების სერიაში მოუგო დანიას, რაც დიეგო მარადონას ბოლო ტიტული გამოდგა "ალბისელესტეს" რიგებში. შემდეგ გამოჩნდა მეფე ფადის თასი, სანამ 1997 წელს, კონფედერაციათა თასი დაარსდებოდა. ამ თასისთვის მასპინძელი საუდის არაბეთი არგენტინასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ლეო მესი ნანატრი ტიტულით

არგენტინულმა მედიამ უეფასა და კონმებოლს სტადიონის იდეაც მიაწოდა, სადაც თამაში უნდა გაიმართოს - ნეაპოლის "სტადიო დიეგო არმანდო მარადონა" ან ლა პატერნალის "ესტადიო დიეგო არმანდო მარადონა". ცხადია, დიეგოს სახელობის სტადიონზე თამაშის გამართვის იდეა შემთხვევით არ დაბადებულა - მისი საფეხბურთო კარიერა ხომ სწორედ არგენტინასა და იტალიას უკავშირდება. არც ისაა გამორიცხული, რომ თამაშმა დიეგო მარადონას სუპერთასის სახელი შეიძინოს.

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის ფინალში "უემბლიზე" ინგლისს აჯობა და ევროპის ჩემპიონობა 53-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა, ხოლო არგენტინამ "მარაკანაზე" ბრაზილიას მოუგო და 28 წლის შემდეგ შემდეგ პირველად, კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები