Thumbnail

ბორჯღალოსნების მდევარი შეიცვალა - მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რეიტინგში მე-12 ადგილზე იმყოფება
  • ავსტრალია საფრანგეთის დამარცხების წყალობით, ხუთეულში დაბრუნდა

მსოფლიო რაგბის მიერ განახლებულ რეიტინგში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, თუმცა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იგივე პოზიცია გააჩნია.

“ბორჯღალოსნებს”, რომელთაც კოვიდ-პანდემიის გამო, სამხრეთ აფრიკასთანა და შოტლანდიასთან ტესტები ჩაეშალათ, 73.73 ქულა აქვთ და კვლავაც მე-12 ადგილი უკავიათ. სამაგიეროდ, შეიცვალა ქართველი მორაგბეების უახლოესი მდევარი.

სამოას ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ტონგას 42:13 სძლია და მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა. ტონგელებს, რომლებიც მე-15 საფეხურამდე დაქვეითდნენ, იტალიამაც გადაასწრო.

ოცეულის დატოვება მოუწია რუსეთის ნაკრებს, რომელსაც გასულ უქმეებზე არ უთამაშია, თუმცა, პოზიციის დათმობა პორტუგალიისთვის მოუწია. “ლობუშმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში ნიდერლანდებს 61:28 მოუგო და ამის წყალობით დაწინაურდა.

კლასიფიკაციაში მთავარი ცვლილება კი ბრისბენში გამართულ ტესტს უკავშირდება, რომელშიც ავსტრალიამ ფრანგებს გამარჯვება (23:21) უკვე გაწითლებულ დროში გამოგლიჯა (“სამფეროვნებს” შეეძლოთ, ავსტრალიაში 1990 წლის შემდეგ პირველად მოეგოთ). შედეგად, “ვოლაბებმა” სწორედ საფრანგეთსა და უელსს აჯობეს და მე-5 ადგილამდე აღზევდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები