Thumbnail

ინგლისში ყველა გარეთ საუთგეიტს აკრიტიკებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალში, იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხი მას ბრალდება, რადგან სწორედ მან შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც თერთმეტმეტრიანები უნდა შეესრულებინათ. ინგლისელები მიიჩნევენ, რომ პენალტები უფრო გამოცდილ მოთამაშეებს უნდა დაერტყათ - განსაკუთრებით ბუკაიო საკას გამო, რომელიც 19 წლისაა და რომელმაც ბოლო, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

2-2 პენალტის შემდეგ ინგლისი წინ იყო, რადგან იტალიელთა მხრიდან ბელოტიმ ვერ გაიტანა. პირველი ორი თერთმეტმეტრიანი საუთგეიტის გუნდიდან გამოცდილმა ვარსკვლავებმა, 27 წლის ჰარი კეინმა და 28 წლის ჰარი მაგუაირმა შეასრულეს და გაიტანეს. მერე კი, სამი პენალტი ახალგაზრდა შემტევებმა დაარტყეს და გატანა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო - ვგულისხმობთ მარკუს რაშფორდს (23 წლის), ჯეიდონ სანჩოს (21) და ბუკაიო საკას (19). არადა, ინგლისელებს ჰყავდათ რაჰიმ სტერლინგი (26), ჯონ სტოუნსი (27) ან ჯეკ გრილიში (25).

'ვერ მივიღებ კრიტიკას იმის შესახებ, თითქოს პენალტის დარტყმა არ მინდოდა'

ლეგენდარული როი კინის კრიტიკას (“სად იყვნენ გამოცდილები, რატომ დაარტყმევინეს 19 წლის ბიჭს?”), ორშაბათს გრილიში ტვიტერზე გამოეხმაურა: “მე ვთქვი, რომ პენალტის დარტყმა მინდოდა, - წერს ასტონ ვილას ლიდერი გრილიში პოსტში და საუთგეიტსაც იცავს, - მწვრთნელმა ტურნირის მიმდინარეობისას ბევრი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვერ მივიღებ კრიტიკას იმის შესახებ, თითქოს პენალტის დარტყმა არ მინდოდა, როცა ვთქვი, რომ დავარტყამდი.”

როი კინი პირველ რიგში სწორედ გრილიშს აკრიტიკებდა, რაჰიმ სტერლინგთან ერთად: “როდესაც სტერლინგი ან გრილიში ხარ, არ გაქვს უფლება, იჯდე და პენალტის დასარტყმელად ბავშვი გაუშვა”, - განაცხადა ირლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალის შემდეგ პენალტების შემსრულებლების შერჩევაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა აიღო. "პენალტებზე ვვარჯიშობდით, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მე შევარჩიე ისინი." - განაცხადა საუთგეიტმა.

აღსანიშნავია, რომ ფინალის შემდეგ რაშფორფს, სანჩოს და საკას სოციალურ ქსელებში ბევრმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ლონდონის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები