- როი კინის თქმით, ბუკაიო საკას გადამწყვეტი პენალტი არ უნდა შეესრულებინა
- მისი აზრით, ეს მისია საკუთარ თავზე უფრო გამოცდილ მოთამაშეს უნდა აეღო
- ‘მე პენალტის დარტყმა მინდოდა!’ - გრილიშმა კინს უპასუხა
- 'მეცოდება საკა. სად იყვნენ სტერლინგი, სტოუნსი, შოუ?' - მოურინიო ფინალზე
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა როი კინმა ინგლისის ნაკრების ვარსკვლავები რაჰიმ სტერლინგი და ჯეკ გრილიში გააკრიტიკა, რომლებმაც გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულება 19 წლის ბუკაიო საკას ანდეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა, ინგლისის ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ (1:1), გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც რობერტო მანჩინის გუნდი უკეთესი იყო და თასი რომში წაიყო.

ინგლისელების მხრიდან 5 თერთმეტმეტრიანიდან 3 შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა დაარტყეს და ვერცერთმა გაიტანა. გადამწყვეტი პენალტის დარტყმა 19 წლის ბუკაიო საკას მოუხდა, რაც ბევრისთვის უცნაური იყო, რადგან მის მაგივრად ბურთთან მისვლა იმავე რაჰიმ სტერლინგს, ჯეკ გრილიშს, ჯონ სტოუნს ან თუნდაც ლუკ შოუს შეეძლოთ, რომლებიც არსენალის ახალგაზრდა ფეხბურთელზე ბევრად გამოცდილები არიან.
"როდესაც რაჰიმ სტერლინგი ან ჯეკ გრილიში ხარ, არ გაქვს უფლება, იჯდე და პენალტის დასარტყმელად ბავშვი გაუშვა. არ შეგიძლიათ, 19 წლის მორცხვ მოზარდს თქვენზე წინ დადგომის უფლება მისცეთ. მათ ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ, სტერლინგს თასები აქვს მოგებული. ისინი ბავშვის წინ უნდა მდგარიყვნენ", - განაცხადა როი კინმა.
შეგახსენებთ, რომ ფინალის შემდეგ პენალტების შემსრულებლების შერჩევაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა აიღო. "პენალტებზე ვვარჯიშობდით, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მე შევარჩიე ისინი, პენალტები გადის ან არ გადის, მოედანზე პენალტების საუკეთესო შემსრულებლები გვყავდა." - განაცხადა საუთგეიტმა. აღსანიშნავია, რომ ფინალის შემდეგ საკას სოციალურ ქსელებში ბევრმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია თითოეული მათგანის დასჯას მოითხოვს. ლონდონის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
კომენტარები