Thumbnail

იტალიაში საგანგებო მდგომარეობაა - ოღონდ, ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით!

მთელი ქვეყანა ევროპის ჩემპიონობას ზეიმობს - ტრიუმფს, რომელსაც “სკუადრა აძურას” კონტინენტის პირველობის დაწყებამდე ცოტა თუ უწინასწარმეტყველებდა.

მთელი რომი ფოიერვერკებმა მოიცვა. დედაქალაქის ბევრ უბანში გაიმართა საზეიმო მსველობები ავტომობილებით და სხვადასხვა სპონტანური კონცერტები. ხალხი ქუჩებში ზეიმობდა. “პიაცა დელ პოპოლოზე” ტიფოზები ევროს ფინალს დიდ ეკრანზე უყურებდნენ - ბოლო პენალტის შემდეგ, რომელიც ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია, იქ სრული სიგიჟე დაიწყო - გულშემატკივრები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ტიროდნენ, მღეროდნენ.

ტიფოზები რომის პიაცა დელ პოპოლოზე

სხვა ქალაქებშიც, მილანიდან პალერმომდე, პოლიციას ძალიან უჭირდა კორონავირუსის გამო არსებული რეგულაციების დაცვა. განსაკუთრებით ხალხმრავალი თავშეყრა იყო ნეაპოლში, სადაც ევროპის ჩემპიონობას ქუჩებში ათასობით ადამიანი ზეიმობდა.

Alitalia-ს თვითმფრინავი London Luton-დან რომის "ფიუმიჩინოში" იტალიის დროით დილის 6:06 საათზე დაეშვა, მაგრამ "აძურის" აეროპორტში რამდენიმე ასეული გულშემატკივარი მაინც დავხდა. ფეხბურთელებს და რობერტო მანჩინის აეროპორტის თანამშრომლებიც ტაშს უკრავდნენ და "Grazie Azzurri-ს" (მადლობა, აძური) სკანდირებდნენ.

ამის შემდეგ იტალიის გამარჯვების აღნიშვნა სიურეალისტურ სცენებში გადაიზარდა. ჯორჯო კიელინის მეფის გვირგვინი ედგა თავზე და ასე ზეიმობდა.

იტალიაში დაბრუნებამდე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ლონდონში, სასტუმროში გადაღებული კადრები. კაპიტან ჯორჯო კიელინის ევროპის თასთან ერთად ეძინა. 36 წლის მცველმა ორშაბათს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თასი მის საწოლშია გადაღებული. "დიდი ჩემპიონის ტრადიცია გრძელდება" - დაწერა კიელინიმ და, რა თქმა უნდა, ფაბიო კანავაროს გულისხმობდა - იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, რომელიც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ მოიქცა ასე. კანავარო ჯორჯოს მალევე გამოეხმაურა და სთხოვა, რომ "ბავშვისთვის" კარგად მიეხედა.

იტალიის ტრიუმფის გიჟური აღნიშვნა დღეს საღამოს გაგრძელდება. "აძური" გულშემატკივარს რომში ხვდება და დიდი ზეიმია დაგეგმილი. მანჩინის გუნდს იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა შეხვდება, რომელიც ლონდონშიც იმყოფებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები