Thumbnail

ალბათ არასოდეს მინახავს ფეხბურთში იმაზე ტრაგიკული მომენტი, ალესანდრო ფლორენცი 2017 წლის 13 ნოემბრის გვიან საღამოს, შვედეთთან მუნდიალის საპლეიოფო მატჩის ბოლო წამებზე, ბოლო კუთხურის მოწოდების წინ ბურთს რომ კოცნიდა. იტალია მუნდიალს ემშვიდობებოდა. არადა, მატჩის ტრანსლაცია ბეპე ბერგომიმ ამ სიტყვებით დაიწყო: "უნდა მოვიგოთ, რადგან არ არსებობს მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის გარეშე". ფლორენცის ჟესტი არასოდეს დამავიწყდება. ბურთს თითქოს ეხვეწებოდა, რომ იტალიისთვის არ ეღალატა. სხვა არაფრის იმედი აღარ ჰქონდა.

ერის მოღალატეების სასაფლაო რომ ჰქონდეთ იტალიელებს, ჯანპიერო ვენტურას გარდაცვლების შემდეგ ალბათ იქ მიუჩენდნენ ადგილს. ამ კაცმა იტალია შეარცხვინა. მაგრამ, რად გვინდა საუბარი სასაფლაოებსა და "მოღალატეებზე", როცა დღეს "სკუადრა აძურა" ჩემპიონია.

იტალია ჩემპიონია

იტალიელებმა ასე იციან - შეუძლიათ დიდი მარცხი და დიდი ტკივილი დიდ გამარჯვებებად გარდაქმნან. ასე იყო შორეულ 1968 წელსაც, როცა იტალიამ პირველი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. იქამდე, 2 წლით ადრე, ინგლისის მუნდიალზე ტურნირის ფავორიტი მთელი მსოფლიოს თვალწინ შერცხვა და ჯგუფში ისე ჩარჩა, რომ გადამწყვეტი შეხვედრა კორეასთან წააგო. ოღონდ, ჩრდილოეთ კორეასთან.

1982 წლის მუნდიალის ტრიუმფიც ორი წლის წინ შინ ვერმოგებულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ლიპის გუნდმა კი იტალიის დიდი თაობის თითქმის 16-წლიანი ტანჯვა დაასრულა - პენალტების, არგამართლების და მსაჯის დანაშაულებრივი შეცდომების ტანჯვა (ის ეკვადორელი მსაჯი ხომ გახსოვთ, იტალიას კორეასთან რომ წააგებინა  - ამჯერად სამხრეთ კორეასთან).

შვედეთთან იმ მარცხმა მანჩინის გუნდიც რაღაცნაირად, შიგნიდან შეკრა. გუნდი ერთი ოჯახივით იყო - გამორჩეული, ჩემპიონური, შინაგანი ძალა ჰქონდა. ამ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში იტალია სწორედ ამ შეკავშირებამ და ძალამ იხსნა. თანაც, რამდენჯერ - ავსტრიასთან, ბელგიასთან, ესპანეთთან და ფინალში. იტალიამ 4 რთული მატჩი მოიგო. ეს ძალა და გუნდურობა იყო ყველაზე მთავარი, თორემ შემადგენლობით ეს საუკეთესო იტალია ნამდვილად არ ყოფილა. იმობილეს და ინსინიეს იტალიის საუკეთესო ნაკრებებში ნამდვილად არ ათამაშებდნენ.

თავად მანჩინიც, თავადაც დიდი ფეხბურთელი, ნაკრებში რაღაცნაირი ჟინით თუ იტალიისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით მივიდა. ნაკრებში მისი კარიერა ფატალურად არ აეწყო. 1986 წლის მუნდიალის წინ ბეარზოტმა მანჩინის ღამეული გასეირნება არ აპატია და გუნდიდან მოკვეთა. წლების შემდეგ ბეარზოტი მანჩინის გამოუტყდა - 'მე მხოლოდ შენს ერთ ზარს და ბოდიშს ველოდებოდი და გუნდში დაგაბრუნებდი, შენ კიდევ არ დარეკე.' თავად მანჩინის აღიარებითვე ბეარზოტის ეს სიტყვები მისთვის უფრო დიდი დარტყმა იყო, ვიდრე თავად გუნდიდან მოკვეთა. 4 წლის შემდეგ აძელიო ვიჩინიმ მანჩინის საშინაო მუნდიალზე 1 წუთიც კი არ მისცა, სულ სათადარიგო სკამზე ჰყავდა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კი არიგო საკის ეჩხუბა და ნაკრებიდან თავისი ფეხით წავიდა. "სკუადრა აძურა" მანჩინის ტკივილი იყო და სულ ამბობდა, რომ სურდა, როგორც მწვრთნელს მიეღწია იმისთვის, რასაც ფეხბურთელობისას ვერ მიაღწია.

ბონუჩი გოლს ზეიმობს

იტალიელებმა კიდევ ერთი რამ იციან. იციან, კედელივით დგომა გასვლაზე, მტრულ ატმოსფეროში, მაშინ, როცა მთელი სტადიონი და მთელი ქვეყანა მათ წინააღმდეგაა. 2000 წელს ნიდერლანდებთან და 2006-ში, დორტმუნდის ისტორიულ ნახევარფინალში, 11 იტალიელი თითქოს მთელი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშობდა და მაინც არ გატყდა და მაინც მოიგო. ამჯერადაც ასე იყო. სავსე ვულკანივით მოგუგუნე "უემბლი", მთელი ინგლისი, რომელიც თავისი საფეხბურთო ისტორიის გადაწერას აპირებს და 11 იტალიელი მათ წინააღმდეგ.

იტალია მტრულ ვითარებაში ყოველთვის პოულობს ხოლმე დამატებით ძალას და ემოციას. ერთხელ ფაბიო კანავარომ თქვა, რომ იტალიელები, როცა კუთხეში მიყენებულები არიან, მაშინ ერთიანდებიან და პოულობენ დამატებით ძალებს საკუთარ თავში. გადახედეთ მათ საფეხბურთო ისტორიას - სულ ასე იყო.

ამჯერად მათ ეს განსაკუთრებით სჭირდებოდათ, რადგან ინგლისი ორი წუთის შემდეგ უკვე იგებდა, თანაც ის ინგლისი, რომელიც გოლს, ფაქტობრივად, არ უშვებს. პირველი ტაიმი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი საათი, ინგლისის იყო. იტალია თავის თავს არ ჰგავდა. სავსე "უემბლის" ემოციამ და სწრაფმა გოლმა ინგლისს ფრთები შეასხა. ამას საუთგეიტის მიერ სქემის ცვლილებაც დაემატა. როგორც ჩანს, 3-5-2-ს "სკუადრა აძურა" მაინც არ ელოდებოდა. განაპირა მცველები, ტრიპიერი და შოუ, პირველ ტაიმში სულ თავისუფლად იყვნენ. გოლიც მათ მოიფიქრეს - ტრიპიერის ჩაწოდებას შოუმ შორეულ ძელთან დაახვედრა.

იტალია ვერ გაერკვა, მათ წინააღმდეგ განაპირა მცველებს უნდა ეთამაშათ თუ განაპირა შემტევებს. ინგლისის ფლანგის მცველებს "აძურის" ფლანგის მცველებსა და შემტევებს შორის შუალედური პოზიცია ეკავათ და იტალიას კარგა ხანი თავგზას უბნევდნენ. ძალიან კარგი იყო ჰარი კეინიც, რომელიც მოედნის სიღრმეში ამოდიოდა და იქ ბურთს და სივრცეებს პოულობდა.

გადამწყვეტი პენალტის წინ

იტალიამ თამაშში დაბრუნება პირველი ტაიმის ბოლოს დაიწყო. ჯერ ბურთის ფლობით და ტემპის კონტროლით. შესვენებაზე მანჩინიმ გუნდი ძალიან მაგრად გადააწყო. აღარც ინგლისის სქემა იყო პრობლემა და აღარც ჰარი კეინის მანევრები. შეცვლებმაც კარგად იმუშავა და იტალიამ ინგლისი უბურთოდ დატოვა. ძალიან კარგი იყო მარკო ვერატი - ბურთის გათამაშების პროცესს გენერალივით ხელმძღვანელობდა. თუმცა, ბურთის ფლობა ერთია, გოლის გატანა მეორე. ინგლისს ათლეტური და მასიური გუნდი ჰყავს, გოლის გატანა მათთვის ძალიან რთულია.

ცალკე უნდა აღინიშნოს ფედერიკო კიეზა. მაშინ, როცა იტალიას ყველაზე მეტად უჭირდა და თამაში არ მისდიოდა, კიეზა თავისი ჟინით, აგრესიით და ინდივიდუალური ოსტატობით ერთადერთი იყო, რომელიც მეტოქეს საფრთხეს უქმნიდა. ძალიან შთამბეჭდავი თამაში ჰქონდა, ბურთს ვერ ართმევდნენ და მეტოქის დაცვას მთელი თამაში ატერორებდა. ტრავმის გამო ნაადრევად რომ არ გასულიყო, იტალია მეორე გოლთან უფრო ახლოს იქნებოდა.

მეორე გოლამდე პირველი იყო, რომელიც იქიდან მოვიდა, საიდანაც არავინ ელოდა. იტალიამ ინგლისის ბეტონივით დაცვას გასაღები კუთხურიდან უპოვა. დამუშავებულ კომბინაციას უკანა ძელთან მარკო ვერატი გამოეხმაურა, დამატებაზე კი პირველი ლეონარდო ბონუჩი იყო. სიმბოლური ამბავი გამოვიდა - ძალიან დიდმა კაცმა გადამწყვეტ მომენტში თავის გუნდს გაათანაბრებინა. იტალიამ კრიტიკულ მომენტში ისევ იპოვა თავის თავში დამატებითი ძალები და თამაშში დაბრუნდა.

ბონუჩის და კიელინის თამაში ცალკე თემაა. მათზე წიგნი შეიძლება დაიწეროს. ეს დუეტი ამ გუნდის სული და გული იყო, ფუნდამენტი, რომელზეც მანჩინიმ საჩემპიონო გუნდი დააშენა, კედელი, რომელიც მთელ იტალიას იცავდა. ლეო შეტევებს დიდებულად იწყებდა, უკანაც მაგრად იდგა და პენალტიც გაიტანა. კიელინიმ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა - ყველგან იყო და ყველაფერი მოიგო. უკან ისე იდგა, როგორც ფრანკო ბარეზი ბრაზილიასთან 1994-ში, ანდაც ფაბიო კანავარო 2006-ის ნახევარფინალსა და ფინალში. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი - მეტი რა უნდა ვთქვა, როცა დაცვის ღმერთებს გადარებენ? ბედნიერი ვარ, რომ ამ დუეტმა თავის კარიერაში დიდი სანაკრებო ჯილდო მოიგო. თაობის საუკეთესო მცველები ამას იმსახურებდნენ.

დონარუმამ საკას აუღო

პენალტებში კი ჯიჯო დონარუმა იყო... იტალიას პირადად მოაგებინა. მან და საუთგეიტის უცნაურმა არჩევანმა. 19 წლის ბუკაიო საკა გადამწყვეტ პენალტს რატომ უნდა არტყამდეს, ვერ ვხვდები. მანამდე სპეციალურად პენალტებისთვის შეცვლაზე შესულმა 21 წლის სანჩომ და 23 წლის რაშფორდმა ვერ გაიტანეს.

საუთგეიტი იქით იყოს. იტალია ჩემპიონია, იმიტომ რომ იტალია უკვდავია. ერთობით, გუნდურად, სილაღით, ტანჯვით და მონდომებით მანჩინის გუნდმა ისტორია დაწერა. მილანის ფიასკოდან სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, "სკუადრა აძურა" ევროპაში საუკეთესოა.

კომენტარები

ბოლო ამბები