Thumbnail

ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი გაიღო და სტადიონიდან თავაწეული გასვლა შეუძლიათ.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "ბიჭებმა ამ მატჩში და ტურნირის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელმაც ერს დიდი ემოციები მოუტანა. განადგურებულები ვართ ასეთი დასასრულით, ახლა სიტყვების პოვნა ძნელია, მაგრამ ყველაფერი გავიღეთ. პენალტებზე ვვარჯიშობდით, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მე შევარჩიე ისინი, პენალტები გადის ან არ გადის, მოედანზე პენალტების საუკეთესო შემსრულებლები გვყავდა.

კეინმა დაამტკიცა, რომ ლიდერია, ის ჩვენთვის დიდი ფეხბურთელია. ცვლილებები ბოლოს იმიტომ გავაკეთე, რომ პენალტებისთვის ეს დაგეგმილი გვქონდა. ვარჯიშებზე კარგად ვასრულებდით, მაგრამ ამაღამ ამან არ იმუშავა. ვიმეორებ, ფეხბურთელებს პენალტების შესრულება მე ვთხოვე. მათ შეუძლიათ "უემბლი" თავაწეულებმა დატოვონ. ძალიან ძნელია, ახლოს ვიყავით ტრიუმფთან. ეს იშვიათი შანსი იყო, მაგრამ იტალიამაც არაჩვეულებრივად ითამაშა. მათ ჩვენზე უკეთ ეჭირათ ბურთი, დაცვაში კარგები იყვნენ და ყოველთვის გვაჩერებდნენ.

რაც შეეხება მომავალს: მსოფლიოს ჩემპიონატამდე დიდი დროა, ასე მგონია, რომ მუნდიალს მილიონი მილი გვაშორებს. ვიცი, რომ ამ გუნდს შეუძლია, პროგრესი გააგრძელოს. მაგრამ მე ახლა ცოტა დრო მჭირდება, რომ მომავალზე დავფიქრდე."

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ ითამაშა დიდი ტურნირის ფინალში და ისევ "უემბლიზე", მაგრამ 1966 წლისგან განსხვავებით, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა, ევროპის ჩემპიონობა ვერ შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები