Thumbnail

ახალი ჯანლუიჯი - ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დონარუმა დაასახელეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიელთა გმირი ჯანლუიჯი დონარუმა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - "სკუადრა აძურას" მეკარე უეფამ ფინალის დასრულების შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. 22 წლის ჯიჯომ, რომელიც მომავალი სეზონიდან კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს, გადამწყვეტ მატჩში ჯეიდონ სანჩოს და ბუკაიო საკას პენალტები მოიგერია. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ფინალის საუკეთესო მოთამაშე კი ლეონარდო ბონუჩი გახდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანების სერიაშიც გაიტანა.

"ბედნიერები ვართ. ერთი სანტიმეტრიც არ დაგვითმია. ყველამ იცით, საიდან დავიწყეთ. ეს წარმოუდგენელია რამ არის, ფანტასტიკური გუნდი ვართ და ამას ვიმსახურებთ. შეიძლებოდა სწრაფ გოლს მოვეკალით, მაგრამ ჩვენ არასდროს ვნებდებით. არ იყო ადვილი, მაგრამ სანახაობრივი ფეხბურთიც ვითამაშეთ," - აღნიშნა დონარუმამ ფინალის შემდეგ.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჯიჯოს უეფას პრეზიდენტმა ჩეფერინმა გადასცა

ჯიჯო იტალიაში ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრეობას აგრძელებს და ეს მისი პირველი დიდი ტურნირი იყო. ცხადია, მას კითხვა ბუფონზეც დაუსვეს: "ჯიჯონე ყველა დროის საუკეთესო მეკარეა, მე კი ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და მზად ვიყო. ჯიჯი ნომერი პირველია, მე კი ვნახოთ, სადამდე მივალ."

22 წლის დონარუმას კარიერაში 5-ჯერ აქვს პენალტების სერიაში ნათამაშები და მისი გუნდი ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა (3-ჯერ მილანში, 2-ჯერ იტალიის ნაკრებში).

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. „სკუადრა აძურამ“ ევრო 2020 შესანიშნავად ჩაატარა და დამსახურებული ტრიუმფატორია. საინტერესოა, რომ მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მსოფლიო რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ ერთი თამაში, ხოლო რეკორდის სრულად დასამხობად 2 თამაში დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები