Thumbnail

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! "სკუადრა აძურამ" ფინალში, "უემბლიზე", ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა და კონტინენტის პირველობა ისტორიაში მეორედ მოიგო.

ფინალის შემდეგ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ, რომელმაც გოლიც გაიტანა და მერე უკვე პენალტიც და "სკუადრა აძურას" კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გააკეთეს. მათ ტელეკამერების წინაშე ერთად ისაუბრეს:

ლეონარდო ბონუჩი: "ეს ჩემი საუკეთესო ღამეა კარიერაში. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, ამ ასაკში ვხვდებით, რა გავაკეთეთ. ეს ოცნებაა, ეს არის დიდი გუნდი - ჯერ კიდევ სარდინიის შეკრებაზე დავიწყეთ ამის დაჯერება, მერე კი რწმენა ნელ-ნელა გაიზარდა. ვხედავთ 58 000 ადამიანს, რომლებიც მიდიან (ინგლისელი ფანები), ინგლისი დიდი გუნდია. გულშემატკივრები იმედგაცრუებულები დარჩნენ, მაგრამ იტალიამ მათ გაკვეთილი ჩაუტარა".

ჯორჯო კიელინი: "მაისის ბოლოდან ვამბობდით, რომ ჰაერში რაღაც მაგიური იყო. დამსახურებულად მოვიგეთ, ვგრძნობდით, რომ ეს შეგვეძლო. ეს წარმოუდგენელი ემოციაა, მოდით დავტკბეთ, რადგან ყველაფერი დიდებულია. მიუხედავად სწრაფი გოლისა, უკეთ ვთამაშობდით და შემდეგ პენალტებში ჯიჯო იყო! ჯიჯიდან (ბუფონი) ჯიჯოზე გადავედით! ამ ტრიუმფის შემდეგ გვინდა, ხვალ ყველა იტალიელთან ერთად ვიზეიმოთ."

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. "სკუადრა აძურამ" ევრო 2020 შესანიშნავად ჩაატარა და დამსახურებული ტრიუმფატორია. საინტერესოა, რომ რობერტო მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მსოფლიო რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ ერთი თამაში, ხოლო რეკორდის სრულად დასამხობად 2 თამაში დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები