Thumbnail

მეტი შანსი საქართველოს ნაკრებს - უეფას ახალი ინიციატივა ევროპის ჩემპიონატზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უეფა ევრო 2028-ზე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს
  • საკვალიფიკაციო ტურნირი შეიცვლება, ან სულ გაუქმდება

ევრო 2020-ის წარმატებით აღფრთოვანებული უეფა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, - წერს Associated Press (AP). ფორმატის განხილვა დაემთხვა ევრო 2028-ის მასპინძლობისთვის სატენდერო პროცესის დაწყებას - უეფამ ევრო 2028-ის მასპინძელი 2023 წლის დასრულებამდე უნდა შეარჩიოს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე ევრო 2016-ზე გაიზარდა. ახლა კი უეფაში სერიოზულად დაფიქრდნენ 32-გუნდიან ფორმატზე. პირველად ახალი ფორმატით ჩემპიონატი 2028 წელს ჩატარდება, უთხრა AP-ის ამ პროცესში დაკავებულმა ერთ-ერთმა ჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

საქართველო ყველაზე ახლოს ევრო 2020-თან იყო, როცა პლეი ოფის ფინალში გავიდა

უეფას წევრი 55 ორგანიზაციაა (მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია). ახალი ფორმატით, 55-დან 32 მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ეტაპზე, ეს კი გვარიანად შეარყევს საკვალიფიკაციო პროცესს. როცა ტურნირს 8 გუნდი ემატება, საკვალიფიკაციოს ფორმატი ძირეულად იცვლება. AP-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ საკვალიფიკაციო პროცესი საერთოდ გაუქმდეს. დღეისათვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 10 ჯგუფში იმართება. იმ შემთხვევაში, როცა მონაწილეების ნახევარზე მეტი ფინალურ ეტაპზე გადის, ასეთ ტურნირს ფასი ეკარგება. 

უეფა განიხილავს, ევროს წინ წინასაკვალიფიკაციო ტურნირს, სადაც უფრო სუსტი ნაკრებები გაიცხრილებიან. ასეთი პრაქტიკა მიღებულია, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. უეფამ შესაძლოა, საამისოდ ერთა ლიგა გამოიყენოს და მას (დაბალ დივიზიონებში) საკვალიფიკაციო ეტაპის ფუნქცია დააკისროს. 

24-დან 32-მდე გუნდების გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი (გარდა ფინალური ტურნირის წარმატებისა) არის ფორმატი - 32-გუნდიანი ფორმატი ყველასთვის გასაგებია: 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც პლეი ოფში 16 ნაკრები გავა. 

უეფა ამით ფიფას ბაძავს, რომელიც 2026 წლის მუნდიალიდან გუნდების რაოდენობას ზრდის ფინალურ ეტაპზე (32-დან 48-მდე). 

ევრო 2028-ის მასპინძლობა იტალიას სურს, თუმცა ამ ქვეყანას 24-გუნდიანი ტურნირის ჩატარებისთვისაც კი სტადიონების სერიოზული განახლება მოუწევს. ევრო 2028-ის მასპინძლობა რუსეთსა და თურქეთსაც სურთ. 

თუ უეფა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს ნაკრების შანსები გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთადერთხელ იყო ახლოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან, თუმცა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 0:1 დათმო. 

კომენტარები

ბოლო ამბები