Thumbnail

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ინგლისს პენალტების სერიაში სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. “სკუადრა აძურას” ევროპირველობა 1968 წელს ჰქონდა მოგებული, 2000 და 2012 წლებში ფინალები წააგო, ახლა კი, მათი კიდევ ერთი ტრიუმფი შედგა.

ფინალს ისეთი დასაწყისი ჰქონდა, უემბლიზე შეკრებილი ქომაგების (მათ შორის, უბილეთოების, რომელთაც სტიუარდების კორდონი გაარღვიეს და სტადიონზე ისე შეაღწიეს) უმეტესობა, ალბათ, უკეთესს ვერც ინატრებდა. უკვე მე-2 წუთზე ინგლისს საგოლე შეტევა გამოუვიდა. ბურთი ჰარი კეინმა წამოიღო, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენილმა კირან ტრიპიერმა შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც იერიშში მარცხენა მცველი ლუკ შოუ ჩაერთო და ჯანლუიჯი დონარუმას ძელის გავლით გაუტანა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ძირითად დროში ეს ინგლისელთა ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო.

იტალიას გონს მოსასვლელად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ამ ჩემპიონატზე ინგლისისთვის გოლის გატანა რომ რთული ამბავი იყო, არაერთხელ დავრწმუნდით და რობერტო მანჩინის შეგირდებსაც მეტოქის კართან მიახლოება გაუჭირდათ.

შოუმ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა

“სკუადრა აძურამ” პირველი სახიფათო მომენტი 35-ე წუთზე შექმნა, როდესაც ფედერიკო კიეზამ ბურთი ცენტრიდან წაიღო და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა. ამ შემთხვევაში ინგლისელთა მეკარე ჯორდან პიკფორდი უძლური იქნებოდა, თუმცა ბურთმა მარცხენა ძელს ახლოს ჩაუარა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე იტალიამ სახიფათოდ კიდევ ერთხელ შეუტია: ჩირო იმობილეს დარტყმას ჯონ სტოუნზი გადაეღობა, ხოლო მარკო ვერატის შეტევას პიკფორდი გაუმკლავდა.

მე-2 ტაიმის სტარტიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც რობერტო მანჩინიმ ორმაგი ცვლილება განახორციელა, თამაშში ბრაიან კრისტანტე და დომენიკო ბერარდი ჩართო და იტალიამაც უფრო აგრესიულად შეუტია. კიეზას გამჭოლი პასის მერე ბურთი ლორენცო ინსინიეს მიუვიდა, რომელიც ძალიან მახვილი კუთხიდან უტევდა და მეკარეს ვერ აჯობა. მალევე კი, ინგლისელთა გოლკიპერი გაცილებით სახიფათო იერიშს გაუმკლავდა, როდესაც იმავე კიეზას დარტყმული უკუაგდო. ამ დროს პიკფორდს მცველებიც ეფარებოდნენ და ნამდვილად გამორჩეული სეივი იყო.

აი, 67-ე წუთზე კი უკვე მასპინძელთა კარის დარაჯი უძლური გახლდათ. კუთხურის შემდეგ ბურთისთვის კიელინიმ მაგრად იბრძოლა, ამან სივრცე ვერატის გაუთავისუფლა და მისი თავური პიკფორდმა ძელის გავლით მოიგერია, თუმცა, იქვე ჩასაფრებულმა ლეონარდო ბონუჩიმ (ის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს) ბურთი კარში გადაგზავნა. ანგარიში 1:1 გახდა და უნდა ითქვას, რომ იტალია ამ გოლს ნამდვილად იმსახურებდა.

იტალიელები ბონუჩის გოლს ზეიმობენ

მანჩინის ბიჭებმა ძირითადი დროის დარჩენილ წუთებშიც უფრო მონდომებით განაგრძეს თამაში და ბურთსაც მეტს აკონტროლებდნენ, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა. როგორც ხშირად ხდება, დამატებითი 15-წუთეულებში გუნდები შედარებით ნაკლებად აქტიურობდნენ, თუმცა, აქაც მეტი მონდომება იტალიას ეტყობოდა. 

საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც პირველი დარტყმა იტალიელებს გაუცუდდათ, თუმცა, ყველაფერი მაინც მათთვის სასიკეთოდ დასრულდა. რეშფორდისა და სანჩოს ცუდი დარტყმების შემდეგ, საჩემპიონო დარტყმას ჟორჟინიო ასრულებდა, რომელსაც პიკფორდმა აჯობა, ხოლო როდესაც საკას ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა დონარუმამ აუღო, ყველაფერი დასრულდა. საინტერესოა, რომ სამივე ფეხბურთელი, რომელთაც მასპინძელთა მხრიდან პენალტები ააცილეს, მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა შეცვლაზე შეიყვანა, მათ შორის, ორი - სანჩო და რეშფორდი 120-ე წუთზე ანუ ზუსტადაც 11-მეტრიანების შესასრულებლად...

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ლუკ შოუმ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მან თავის გამოჩენა 117-ე წამზე მოახერხა და ესპანელი ფორვარდის ჩუს პერედას მიღწევა გადაფარა, რომელსაც 1964 წლის ევროპირველობის ფინალში საბჭოთა კავშირისთვის 5:04 წუთზე ჰქონდა გატანილი.

📌 იტალიის ნაკრების მცველი ჯორჯიო კიელინი ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტანი გახდა. მან “სკუადრა აძურას” 36 წლისა და 331 დღის ასაკში უკაპიტნა და თანამემამულე ჯანლუიჯი ბუფონის მიღწევა გადაფარა. ამ უკანასკნელმა ევრო 2012-ის ფინალში, იტალია ესპანეთთან კაპიტნის რანგში 34 წლის და 154 დღის ასაკში გაიყვანა.

📌 შოუ მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა შესძლო. საინტერესოა, რომ შოუმ ინგლისის ნაკრების მაისურით თავის გამოჩენა პირველად მოახერხა. პრემიერლიგის გასულ სეზონში მას 32 მატჩში ასევე 1 გოლი ჰქონდა.

📌 იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა ინგლისთან გოლი პირველმა გაუშვა, რაც 2020 წლის სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ “სკუადრა აძურას” კარი ბოსნია-ჰერცეგოვინამ დალაშქრა. მას მერე აპენინელებს 18 მატჩი ჰქონდათ, რომლებშიც ანგარიშს თავად ხსნიდნენ.

📌 ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ზე 11 გოლი გაიტანა, რაც მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე, ინგლისელთა უმაღლესი მაჩვენებელი 2004 წლის ევროპის ჩემპიონატს უკავშირდებოდა. მაშინ ბრიტანელებმა 10 გოლი შეაგდეს, თუმცა, ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშნენ. 

📌 ლეონარდო ბონუჩი ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში გოლის ყველაზე ასაკოვანი (34 წლის და 71 დღის) ავტორი გახდა. აქამდე ეს მიღწევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების წევრ ბერნდ ჰელცენბაინს ეკუთვნოდა, რომელმაც 1976 წელს ჩეხოსლოვაკიას 30 წლისა და 103 დღის ასაკში გაუტანა.

ძირითადი დროის დამატებულ წუთებზე კიელინიმ საკა ასე შეაჩერა და ყვითელი ბარათიც მიიღო

📌 იტალიის ნაკრებმა ამ ევროპის ჩემპიონატზე 13 გოლის გატანა მოახერხა, რითაც დიდი ტურნირებისთვის თავისი რეკორდი დაამყარა. “სკუადრა აძურას” 12 გოლი 1934, 1982 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჰქონდა გატანილი.

📌 ეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მე-7 ფინალი იყო, რომელშიც ძირითადმა 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გაარკვია. 1960, 1976, 1996, 2000 და 2016 წლებში ჩემპიონი დამატებით დროში გამოვლინდა, 1968 წლის ევროზე კი, რეგლამენტის თანახმად, გადათამაშება დაინიშნა.

📌 ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად დაინიშნა. უკანასკნელად ეს 1976 წელს მოხდა, როდესაც ბელგრადში გამართულ ფინალში ჩეხოსლოვაკიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს 5:3 სძლია.

📌იტალიის ნაკრებს უკვე 34 მატჩია არ წაუგია (27 მოგება, 7 ფრე), გაიტანა 87 გოლი და გაუშვა მხოლოდ 11. “აძურის” ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა, ამასთან, იტალიელებს მსოფლიო რეკორდამდე ერთადერთი თამაში რჩებათ. ესპანეთს 35 მატჩი 2007-2009 წლებში არ წაუგია, ბრაზილიას კი იგივე შედეგი 1993-1996 წლებში ჰქონდა.

📌 უემბლიზე გამართულ ფინალს 67 173 მაყურებელი დაესწრო, რაც ევრო 2020-ისთვის რეკორდული მაჩვენებელი გამოდგა. ეს გასაკვირი არაა, რადგანაც კორონავირუსის გამო, ტურნირზე მთელი რიგი რეგულაციები მოქმედებდა. ცნობისთვის, გასული ევროპის ჩემპიონატის ფინალს, რომელიც საფრანგეთში სენ დენიზე შედგა, თვალი 75 868 ადამიანმა მიადევნა.

📌ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო გახდა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა. ასეთივე მონაგარი ჰქონდა ჩეხეთის ნაკრების ფორვარდ პატრიკ შიკს, თუმცა, პორტუგალიელ ვარსკვლავს აქტივში 1 საგოლე პასიც აღმოაჩნდა. ამას გარდა, რონალდომ მოედანზე 360 წუთი გაატარა, ჩეხმა კი – 404.

იტალია 1:1 (3:2 პენ.) ინგლისი

გოლები: 0:1 შოუ (2), 1:1 ბონუჩი (67)

იტალია (4-3-3): დონარუმა – დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი – ბარელა (54. კრისტანტე), ჟორჟინიო, ვერატი (96. ლოკატელი) – კიეზა (86. ბერნარდესკი), იმობილე (55. ბერარდი), ინსინიე (91. ბელოტი).

ინგლისი (3-4-3): პიკფორდი - უოკერი (120. სანჩო), სტოუნსი, მაგუაირი – ტრიპიერი (70. საკა), რაისი (74. ჰენდერსონი, 120. რეშფორდი), ფილიპსი, შოუ – მაუნთი (99. გრილიში), სტერლინგი - კეინი.

პენალტების სერია

იტალია: ბერარდი ✅ ბელოტი ❌ ბონუჩი ✅ ბერნარდესკი ✅ ჟორჟინიო ❌
ინგლისი: კეინი ✅ მაგუაირი ✅ რეშფორდი ❌ სანჩო ❌ საკა ❌ 

კომენტარები

ბოლო ამბები