Thumbnail
  • კლივლენდმა ბოსტონთან ანგარიში შეამცირა - 1:2
  • კავალიერსმა სელტიკსი 30-ქულიანი სხვაობით დაამარცხა
  • აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

ვინც ბოსტონთან ორი მატჩის წაგების შემდეგ ლებრონ ჯეიმსი ჩამოწერა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდა! 

კვირას, NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურმა სერიამ კლივლენდში გადაინაცვლა და კავალიერსმა საკუთარი პუბლიკის წინაშე შესანიშნავად ითამაშა. ლებრონს ბრწყინვალე საღამო რომ ექნებოდა, ამას უთქმელადაც მიხვდებოდით - “მეფემ” და კომპანიამ ბოსტონი 116:86 გაანადგურეს და საკუთარი ქომაგები დაამშვიდეს. ანგარიში 1:2 გახდა, ამ სერიაში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი!

ორივე მწვრთნელი იმავე ხუთეულებს დაეყრნო, რომლებიც მეორე შეხვედრაში ათამაშეს. ანუ, კლივლენდმა ისევ ტრისტან ტომპსონზე გააკეთა აქცენტი, რამაც კავალიერსს ამჯერად სერიოზული უპირატესობები მოუტანა. მატჩი Cavs-ის უპირატესობით დაიწყო - ტაირონ ლიუს გუნდის დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა - კლივლენდელებმა პირველ 7 წუთში მეტოქეს 4-ზე მეტი ქულა არ ჩააგდებინეს! საწყის წუთებში ძალიან კარგი იყო ჯორჯ ჰილი, რასაც ლებრონ ჯეიმსის და ჯეი არ სმიტის სამქულიანები დაემატა - ასე გახდა ანგარიში 20:4. ბოსტონელებმა შეტევაში თამაში კი გააუმჯობესეს, მაგრამ პირველი პერიოდი კლივლენდმა მაინც დიდი უპირატესობით 32:15 მოიგო.

მეორე მეთხედში სელტიკსი უკეთ ათამაშდა, მაგრამ ბრედ სტივენსის შეგირდები სხვაობის შემცირებას მაინც ვერ ახერხებდნენ, რადგან მასპინძლები შეტევაში შეცდომებს არ უშვებდნენ. ლებრონის მორიგმა 3-ქულიანმა ტაბლოზე +20 აანთო. პლუს, მის ანგარიშზე იყო შესანიშნავი “რევერს-დანქიც” და გარდა ამისა, პასი სმიტზე, რომელმაც საკმაოდ რთული სამიანი ჩააგდო. ერთი სიტყვით, ყველაფერი ბოსტონის განადგურებაზე მეტყველებდა - პირველი ტაიმი 61:41 დასრულდა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა კლივლენდმა კიდევ 2 სამქულიანი ჩააგდო, ბოსტონს კი შეტევაში პრობლემები ჰქონდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჯეილენ ბრაუნმა მეოთხე ჯარიმა აიღო, რაც იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ სელტიკსს თამაშში დაბრუნება ძალიან გაუჭირდებოდა. ერთ ეპიზოდში მარკუს სმარტი და სმიტი წაკინკლავდნენ, სპორტული ჰაილაითები მხოლოდ ლებრონის ალეი-ოპები გახლდათ - ანგარიში კი, მესამე პერიოდის ბოლოს უკვე 87:63 იყო.

კლივლენდელებმა ბოსტონელებს პერიოდშიც არაფერი გააბედინეს. იყო კაილ კორვერის შორეული ზუსტი ტყორცნები და სხვაობა 30 ქულამდე გაიზარდა. საბოლოო ანგარიში: 116:86.

საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლებრონი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა დააგროვა. კორვერის ანგარიშზე 14 ქულა იყო, კევინ ლავმა (14 მოხსნა) და ჰილმა კი 13-13 ქულა დააგროვეს. ბოსტონელთა მხრიდან კი საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გამოდგა - 18 ქულით.

► ბოსტონის კატასტროფა პირველ რიგში ოლ ჰორფორდის ბრალია. ის სელტიკსის ყველაზე მნიშვნელოვანი კალათბურთელია და ამ შეხვედრაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. 7 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ყველაფერზე ცხადად მეტყველებს.

► როცა კლივლენდელები 3-ქულიანებს კარგად ისვრიან, მათი შეჩერება შეუძლებელია ხოლმე, რაც ყველამ იცის, მაგრამ ამჯერად მათ 34-დან 17 სამიანი ჩააგდეს! შედარებისთვის: ბოსტონელთა ანგარიშზე 22-დან მხოლოდ 6 სამიანი იყო.

“დღეს ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვეკადრება. პირველ რიგში აგრესიულობა გვაკლდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ სელტიკსის თავკაცმა ბრედ სტივენსმა.

“ყველანაირად კარგად ვითამაშეთ - შეტევაშიც ძალიან მაგრები ვიყავით და დაცვაშიც!” - ეს ტაირონ ლიუს სიტყვებია.

სერიის მე-4 მატჩი სამშაბათს, ისევ კლივლენდში გაიმართება - ლებრონი და კომპანია ანგარიშის გათანაბრებას შეეცდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები