Thumbnail
  • არგენტინა 1:0 ბრაზილია | გოლი: 1:0 დი მარია (22)
  • ალბისელესტემ ტიტული 28-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო

არგენტინელი ხალხის და ალბისელესტეს ფანების ხანგრძლივი ლოდინი დასრულდა!

28 წლის შემდეგ, არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ტიტული მოიგო - კოპა ამერიკის ფინალში, "მარაკანაზე" ბრაზილია დაამარცხა. რაც ყველაზე მთავარია, სანაკრებო ტიტულს ლიონელ მესიც დაეუფლა, რომელსაც აქამდე კოპა ამერიკის 3 ფინალი ჰქონდა წაგებული.

''მარაკანზე'' გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. ურუგვაელმა მსაჯმა, ესტებან ოსტოიჩიმ 9 მოთამაშე გააფრთხილა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია ბურთს ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. არგენტინელებმა ერთადერთი და გამარჯვების გოლი 22-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც ანხელ დი მარიამ როდრიგო დე პაულის საოცარი პასის შემდეგ, ედერსონს ბურთი თავზე გადაუგდო.

ბრაზილიას რეალური საგოლე მომენტი მატჩის მიწურულს ჰქონდა, როცა გაბრიელ ბარბოსას დარტყმა ემილიანო მარტინესმა მოიგერია. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, დე პაულის კიდევ ერთი კარგი პასის შემდეგ, მესი ედერსონთან პირისპირ დარჩა, თუმცა ფეხი დაუცდა და გატანა ვერ შეძლო.

არგენტინამ კოპა ამერიკის მე-15 ტიტული მოიგო და ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არგენტინელებმა მესის გამარჯვება ემოციურად მიულოცეს. "ალბისელესტეს" ბოლო ტიტული 28 წლის წინ ჰქონდა მოგებული - მაშინ, 1993 წლის კოპა ამერიკის ფინალში, მექსიკა გაბრიელ ბატისტუტას დუბლით 2:1 დაამარცხა. ლიონელ მესიმ და მისმა თანამემამულეებმა კოპა ამერიკა ბრაზილიის მთავარ სტადიონ მარაკანაზე მოიგეს, რაც ამ ტიტულს კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.

კომენტარები

ბოლო ამბები