Thumbnail

ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრები ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს და ისტორიაში პირველად აქვს ევროპის ჩემპიონობის მოპოვების შანსი. მატჩის წინ ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა და კაპიტანმა ჰარი კეინმა პრესკონფერენცია გამართეს.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "ფანტასტიკური იყო დედოფლისა და პრემიერმინისტრისგან მესიჯების მიღება, ეს ნიშნავს, რომ ბიჭებმა რაღაც დიდი გააკეთეს. ფინალში ვართ და აქ გამარჯვებისთვის ვიმყოფებით. ბედნიერები ვართ იმით, თუ როგორ წარმოვადგინეთ ინგლისელი ხალხი, მაგრამ ახლა გვინდა თასის მოგება.

ინგლისელი ფანები მეტოქეებს ყოველთვის პატივს სცემენ და ისიც ვიცით, რომ როდესაც სტუმრად ვთამაშობთ, ჩვენს ჰიმნს უსტვენენ, რაც უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი ფანები იტალიის ჰიმნს დაუსტვენენ, ეს დაგვეხმარება. მატჩის განმავლობაში მეტოქეზე სტვენა შეიძლება, მაგრამ ეროვნული ჰიმნები ხელშეუხებელია.

ფეხბურთი სახლში ბრუნდება? 15 წელი არ მინდოდა ამის მოსმენა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ეს არ არის ქედმაღლობა ან შეურაცხყოფა, არამედ უბრალოდ ინგლისური იუმორია. აქ გარემო ფანტასტიკურია და ფეხბურთელებმა ეს მხარდაჭერა უნდა იგრძნონ. ჩვენ ტურნირის განმავლობაში გავიზარდეთ, ნორმალურია, რომ კრიტიკა მივიღეთ ისეთი თამაშის შემდეგ, როგორიც შოტლანდიასთან ჩავატარეთ, მაგრამ თანმიმდევრულები ვიყავით საქმისადმი მიდგომაში. გვაქვს შესაძლებლობა ისტორია დაწვეროთ და ფეხბურთელები თამაშს ენთუზიაზმით უდგებიან.

ვეთამაშებით ძალიან კარგად გუნდს, მათ კარგი ტურნირი ჩაატარეს და ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. უნდა ვეცადოთ ჩვენი ძლიერი მხარეები გავაძლიეროთ და გამოვყოთ მათი სისუსტეები. მათ ყველა კომპონენტში აქვთ ხარისხი, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ და ბოლო 30 თამაშში ფანტასტიკური ბალანსი გააჩნიათ. ჩვენს ნახევარმცველებს უკვე მოუწიათ ადაპტირება მაღალი დონის და გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ, მაგალითად, როგორებიცაა ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი. ჩვენ საკუთარი სათამაშო სტილი გვაქვს, ფეხბურთის სილამაზეც ის არის, რომ ყველა გუნდი განსხვავებულია.

ფოდენის საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამედიცინო პერსონალისგან განახლებული ინფორმაცია რამდენიმე საათში გვექნება. დაზიანება სერიოზული არ არის, ვნახოთ იქნება თუ არა მატჩისთვის ხელმისაწვდომი. თამაში შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს და მზად უნდა ვიყოთ. ბევრი ლიდერი გვყავს მოედანზე და სათადარიგო სკამზეც, მათი წვლილი მნიშვნელოვანი იქნება".

ჰარი კეინი: "ტურნირზე თამაში გამარჯვების მიზნით დავიწყეთ, ახლა ამის შესაძლებლობა გვაქვს. გულშემატკივრების ქუჩაში ნახვა, დახვედრა, რომელიც მათ მოგვიწყვეს, უბრალოდ გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდი შანსი გვაქვს. რატომ მოვუმატე პლეი ოფში? სავარაუდოდ საქმე ენერგიას ეხება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად დავიწყე ტუნისთან, პანამასთანაც საოცარი თამაში მქონდა და ჰეთ-თრიქი შევასრულე, ბევრი საუბარი იყო და ბევრი მენტალური ენერგია დავხარჯე. არა მხოლოდ ფიზიკურად, მაშინ ვგრძნობდი, რომ ტურნირის უკანასკნელ ეტაპზე მენტალურად დავიღალე".

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს, ხოლო იტალიელებმა ამ ეტაპზე მეოთხედ მიაღწიეს და მხოლოდ გერმანიის ნაკრებს აქვს კონტინენტის პირველობაზე უკეთესი შედეგი (6 ფინალი).

კომენტარები

ბოლო ამბები