Thumbnail
  • 📅 11 ივლისი | 🏟 ლონდონი | ⌚ 23:00 | ⚽ იტალია V ინგლისი
  • რობერტო მანჩინის და ჯორჯო კიელინის პრესკონფერენცია

ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდება. იტალიელები დღეს ლონდონში ჩავიდნენ, რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას გუნდის კაპიტანი ჯორჯო კიელინიც ახლდა.

ორივემ ინგლისთან მნიშვნელოვანი თამაშის შესახებ ისაუბრეს და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაში უწევთ, მიიჩნევენ, რომ იტალიას ლონდონში გამარჯვება შეუძლია.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "თურქეთთან პირველი თამაში იყო და ამიტომ, რთული გახლდათ, მაგრამ ეს ფინალია და განსხვავებულია. არ ვარ აჟიტირებული, შეიძლება ხვალ ვიყო. ეს მომენტი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ იმ კმაყოფილების გრძნობას, რაც როგორც ფეხბურთელს იტალიის ნაკრებში არ მქონია.

ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, უნდა გვჯეროდეს, რომ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ. ჩვენი აზრები მხოლოდ ამას უნდა უკავშირდებოდეს. "უემბლიზე" თამაში? სავსე სტადიონი ფეხბურთის მოყვარულებისთვის საოცარი რამ არის, მითუმეტეს იმ პერიოდში, რომელშიც ვიყავით და ვართ. შესაძლოა, თამაშის დროს მხოლოდ ინგლისელი ფანების ხმა ისმოდეს, მაგრამ ვიმედოვნებ, მატჩის შემდეგ მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრების ხმასაც გავიგებთ.

ინგლისი ძლიერია, ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს სათადარიგო სკამზეც. თუმცა, ჩვენ აქ ვართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც ძლიერები ვართ. რაჰიმ სტერლინგი ძალიან სწრაფია, დაცვით ფაზაში ყურადღება დაგვჭირდება, მაგრამ მის გარდა, ვინც მარჯვნივ ითამაშებს და ჰარი კეინი ძლიერები არიან. მათ დიდებული შეტევის ხაზი ჰყავთ.

იტალია 11 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა? იმედი მაქვს, რომ ეს თარიღი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მეორედ გახდება. მშვიდად უნდა ვიყოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ყურადღება ჩვენს თამაშს უნდა მივაქციოთ. უნდა ვისიამოვნოთ, ეს ბოლო მატჩია. 50 დღეა ერთად ვართ და გუნდში განწყობა ყოველთვის პოზიტიური იყო. თავდამსხმელების თამაშით ბედნიერი ვარ. მათ 100%-ზე მეტი გაიღეს".

ჯორჯო კიელინისთვის შესაძლოა ინგლისთან მატჩი ნაკრებში ბოლო გამოდგეს

ჯორჯო კიელინი: "ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი აჩვენეს ტურნირის განმავლობაში. ხვალ ცხელი გულით და ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ. ფინალის მოსაგებად საჭიროა ყველა დეტალზე ვიზრუნოთ. ასეთი მატჩები შეიძლება ფეხბურთელის კარიერაში აღარ განმეორდეს. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია.

ჟორდი ალბასთან ეპიზოდი? კარიერის ბოლო წლებში ყოველი მომენტით ვტკბები, ყოველთვის ღიმილით და დიდი პატივისცემით ვხვდები მეტოქეებს. სიცილი და ჩახუტება მოწინააღმდეგესთან ის არის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. ამ ჟესტში არანაირი სხვა ჩანაფიქრი არ ყოფილა. ჰარი კეინის წინააღმდეგ პირველად რომ ვითამაშე, მახსოვს, ინგლისის ნაკრებთან ტურინში ამხანაგური მატჩი იყო და მაშინვე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შეგიძლიათ ჰკითხოთ ფაბიო პარატიჩის რამდენჯერ გვისაუბრია ამ წლებში მის შესახებ. ინგლისი არ არის ესპანეთი, განსხვავებული თვისებები აქვს. მთავარი არ არის, რომ ბონუჩიმ ან კიელინიმ სტერლინგს ან კეინს აჯობონ, არამედ მთავარია იტალიამ ინგლისის წინააღმდეგ გაიმარჯვოს.

მანჩინის მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენ სხვანაირად სუნთქვა დავიწყეთ. ამას დიდი ხანია ვამბობ, მას მერე, რაც ნაკრებში თამაშის გაგრძელება გადავწყვიტე, მჯეროდა, რომ კარგი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო, ჩვენს ახალგაზრდებს ზრდასა და მზადყოფნაში დაეხმარა. რას გავაკეთებ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ? მე ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემნაირი ადამიანი გრძელვადიან გეგმებს ვერ აწყობს, უბრალოდ ბიჭებს სიხარულის მიღებაში უნდა დავეხმარო და ამაში ყველა თავის წვლილს აკეთებს".

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს, ხოლო იტალიელებმა ამ ეტაპზე მეოთხედ მიაღწიეს და მხოლოდ გერმანიის ნაკრებს აქვს კონტინენტის პირველობაზე უკეთესი შედეგი (6 ფინალი).

კომენტარები

ბოლო ამბები