Thumbnail

დღეს ჰამბურგის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა. ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც  € 1 030 900-ია, ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-3 ნომრად განთესილი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 2018 და 2019 წლებში ჰამბურგის ტურნირი მოიგო და ახლა ამ ტიტულს მესამედ შეუტევს. ისევე, როგორც 2018 წელს, წლეულსაც ჰამბურგის ტურნირი ევროპის ღია პირველობის რანგში გაიმართება. 

2019 წელი. ნიკა სპეციალური პრიზით

ნიკა პირველ წრეში ისვენებს, მე-2-ში კი კორენტენ მუტესა (საფრანგეთი. 83) და ალიაჟ ბედენეს (სლოვენია. 64) მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 28-ე ჩოგანია, თუმცა ორშაბათიდან, როცა ჰამბურგის ტურნირის ძირითადი ბადე დაიწყება, ის მსოფლიოს 29-ე ჩოგნის სტატუსით ითამაშებს. 

მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში, სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე სერიოზული მე-7 ნომრად განთესილი მასპინძელი იან-ლენარდ შტრუფი (გერმანია. 45) იქნება. ასევე პირველი წრიდან თავისუფალია, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი. 4). ქართველისა და ბერძენის გზები შესაძლოა, ნახევარფინალში გადაიკვეთოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები