Thumbnail
  • საქართველოს დელეგაციების ტოკიოში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
  • სპორტსმენთა სახელით ფიცი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დადო
  • თითოეული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს მიიღებს

თბილისის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპური დელეგაციების ფიცის დადების და ტოკიოს ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს სპორტსმენთა სახელით ფიცი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დადო:

"ჩემთვის დიდი პატივია ჩემი მეგობრების, ოლიმპიელ და პარაოლიმპიელ სპორტსმენთა სახელით ფიცი დავდო. ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი თამაშის სულისკვეთებით, ოლიმპიური ქარტიის წესებისა და მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის ყველა მოთხოვნის პატივისცემითა და დაცვით. არ დავზოგავთ ენერგიას და ძალას, შესაძლებლობას და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ქართული სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი".

ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოში რიოს შედეგის გაუმჯობესებას ეცდება

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიურ ჩემპიონობები გახდებიან და შესაბამისად, საქართველოს ოქროს მედალს მოუტანენ, მილიონი ლარით დასაჩუქრდებიან.

ქართველ სპორტსმენებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მიმართა:

ლერი ხაბელოვი (საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი): "ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი სპორტსმენია. გვაქვს შესაძლებლობა და რესურსი, რათა წინა ოლიმპიადის შედეგი გავაუმჯობესოთ. ოლიმპიელობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და მჯერა, ოლიმპიური დელეგაციის თითოეულ წევრს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. მადლობა იაპონელ ხალხს ოლიმპიური თამაშების ერთგულებისთვის. ქართველ სპორტსმენებს კი წარმატებებს ვუსურვებთ".

ლაშა ტალახაძე (ძალოსანი): "ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ ერთ-ერთი ოლიმპიელი. ძალიან დიდი გზა გავიარეთ ლიცენზიის მოსაპოვებლად, თუმცა, წინ ყველაზე რთული შეჯიბრებები გველის. როგორც თითოეული სპორტსმენი, მეც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვიპოვებთ მედლებს და საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდებით. პირობას ვდებთ, რომ საქართველო ამდენს ქვეყანას შორის გამორჩეული იქნება".

ლაშა ტალახაძე მეორე ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. საქართველო ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარდგება.

ქართველი ოლიმპიელების სია

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.)
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
გიორგი მელია (ბერძნულრომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.)
სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.) 
სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) 
ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ.)
გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) 
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ.) 
ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ.) 
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ.) 
გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ.)
მარიამ იმნაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი)
დავით აბესაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, 52 კგ.)
ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ.)
ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ.)
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ.)
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ.)
ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ.)
ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ.)
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ.)
გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა)
ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)

საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპური დელეგაციები ტოკიოში გააცილეს

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ორი მედროშე ეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე. რაც შეეხება პარალიმპიურ თამაშებს, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება და საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 16 სპორტსმენი იასპარეზებს, მედროშე კი პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები