Thumbnail
  • ალეკსანდერ ჩეფერინის აზრით, ბევრ ქვეყანაში ტურნირის ჩატარება რთული იყო
  • უეფას პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეაფასა

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების შესახებ ისაუბრა და ფორმატი, რომელიც ევრო 2020-ზე იყო, უარყოფითად შეაფასა. სლოვენიელის თქმით, მომავალში მსგავსი ნაბიჯის გადადგმა თითქმის წარმოუდგენელია.

"ასეთ ფორმატს მხარს აღარ დავუჭერ. არ არის სწორი, რომ ზოგიერთ გუნდს 10 000 კილომეტრზე მეტის გავლა მოუწია, ხოლო ზოგს კი მხოლოდ 1 000 კილომეტრის. ეს არ არის სამართლიანი გულშემატკივრებისთვისაც - ისინი ერთ დღეში რომში იყვნენ, მერე დღეს ბაქოში და ოთხსაათნახევარი ფრენა უწევდათ. ბევრი ვიმოგზაურეთ სხვადასხვა იურისდიქციის, სხვადასხვა ვალუტების, ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. ეს იყო ფორმატი, რომელიც გადაწყვეტილი იყო უეფაში ჩემს მოსვლამდე და ამას პატივი ვეცი. საინტერესო იდეა იყო, მაგრამ მისი განხორციელება რთულია და არ ვფიქრობ, რომ მომავალში ასეთ რამეს კიდევ გავაკეთებთ", - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობას ლონდონმა, რომმა, ბუდაპეშტმა, ბუქარესტმა, სანკტ-პეტერბურგმა, მიუნხენმა, ბაქომ, კოპენჰაგენმა, ამსტერდამმა, სევილიამ და გლაზგომ უმასპინძლა. რამდენიმე გუნდმა ჯგუფური ეტაპი მთლიანად საშინაო არენაზე ჩაატარა, ხოლო ყველაზე მეტად ამ ფორმატით ინგლისმა ისარგებლა, რომელმაც 6 მატჩიდან 5 ლონდონში გამართა და ფინალიც იქვე, „უემბლის“ სტადიონზე ელოდება (11 ივლისს, იტალიასთან).

 

კომენტარები

ბოლო ამბები