Thumbnail

'უეფამ დიდი შეცდომა დაუშვა' - ვან გაალს ევროპის ჩემპიონატზე ერთი გუნდი მოეწონა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუის ვან გაალი ნიდერლანების ნაკრებში დაბრუნებას არ გამორიცხავს
  • მან ევრო 2020-ზე ისაუბრა და თქვა, რომ იტალიის ნაკრებს ქომაგობს

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ფრანგულ "ეკიპთან" ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატი შეაფასა. მისი თქმით, უეფამ გუნდების რაოდენობის გაზრდით შეცდომა დაუშვა, რის გამოც ჩემპიონატის დონე დაეცა. ვან გაალი ფიქრობს, რომ ჩემპიონი იტალია უნდა გახდეს, რადგან ერთადერთი გუნდია, რომელიც ევრო 2020-ზე მოეწონა.

"უეფამ შეცდომა დაუშვა ფორმატის შეცვლით, 16-დან 24 გუნდზე გადასვლით ტურნირის დონე დაეცა. ჯგუფურ ეტაპზე მატჩების უმეტესობა საინტერესო არ იყო. იტალია საუკეთესო გუნდია, რომელიც ტურნირის განმავლობაში ვნახე და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონი გახდება. მათ თამაშის შეცვლა შეძლეს და მიატოვეს კატენაჩო, რომ გუნდური ფეხბურთი ეთამაშათ, რომელშიც გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდი", - თქვა ვან გაალმა.

გამოცდილმა სპეციალისტმა კომენტარი იმ ჭორებზეც გააკეთა, რომლის თანახმად ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება: "წარმოუდგენელი იქნება თუ მესამედ შემომთავაზებენ ამ სამსახურს. ამ შემთხვევაში უნდა დავფიქრდე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე პენსიაზე ვარ", - აღნიშნა მან.

ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს 2000-2001 წლებში, ასევე 2012-2014 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

69 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერა დასრულებული აქვს, თავის დროზე კი ნიდერლანდების ნაკრების გარდა, აიაქსს, ბარსელონას, ალკმაარს, ბაიერნსა და მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები