Thumbnail

ოლიმპიადაზე 2 სპორტსმენი დაინფიცირდა - ეს საგანგაშო სიგნალია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კოვიდ-შემთხვევები უკვე გამოვლინდა, არადა, თამაშების სტარტამდე ჯერ კიდევ 2 კვირაა
  • ტოკიოში ცეცხლის ჩატანის ცერემონიალი პროტესტის ფონზე წარიმართა

მოახლოებული ოლიმპიური თამაშების ორი მონაწილეს კორონავირუსი დაუფიქსირდა, რაც საგანგაშო ამბავია იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიაში დელეგაციების უმცირესი რაოდენობა ჩასული.

Reuters-ის ცნობით, ერთი დაავადებული ლიეტუვადანაა და ის საწვრთნელ შეკრებაზე ქალაქ ჰირაცუკაში იმყოფებოდა. მე-2 სპორტსმენი ისრაელს წაროადგენს და მას დადებითი ტესტი ტოკიოს აეროპორტ ჰანედაში დაუფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ოთხშაბათს იაპონიაში დაავადების 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 206-ით მეტია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელზე. 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო, იაპონიის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რომელიც 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე გასტანს და შესაბამისად, ოლიმპიადის დღეებსაც მოიცავს. ამასთან, გადაწყვეტილია, რომ ტოკიოსა და მის მიმდებარე პრეფექტურებში (ტიბა, კანაგავა და საიტამა) თამაშები მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

ოლიმპიადის მოწინააღმდეგეთ პროტესტი არ წყდება

ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების ჩატარების მოწინააღმდეგეთა რიცხვი მატულობს და ისინი პროტესტსაც არ ერიდებიან. დღეს ტოკიოში, კომაძავას პარკში ოლიმპიური ცეცხლის ჩასვლის საზეიმო ღონისძიება ჩატარდა და პროტესტი მასაც არ დაკლებია. “შეწყვიტეთ ოლიმპიადა!”, “ჩვენ თამაშების წინააღმდეგნი ვართ!”, - ეწერათ მომიტინგეებს ბანერებზე. სწორედ ამ ფონზე მოუხდა განცხადების გაკეთება ტოკიოს გუბერნატორ იურიკო კოიკეს.

“საბერძნეთიდან იაპონიაში ცეცხლი გასული წლის მარტში ჩამოვიდა, თუმცა, ოლიმპიადა გადაიდო და მას ძალიან ვუფრთხილდებოდით. 25 მარტიდან მოყოლებული ცეცხლმა 46 პრეფექტურა მოიარა და როგორც იქნა, ტოკიოში ჩამოვიდა. მოხარული ვარ, რომ არაერთი სირთულის მიუხედავად, ის აქაა, როგორც იმედის სიმბოლო”.

ტოკიოს ოლიმპიადის მედლები

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიური თამაშების მედლები გადამუშავებული ელექტროხელსაწყოებიდან არის გაკეთებული. შესაბამისი განცხადება ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა იუკუ არატამ გააკეთა:

“ჩვენ 5 ათასი მედალი დავამზადეთ, რისთვისაც ძველი ტექნიკა გამოვიყენეთ. საუბარია სმარტფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა. ყველაფერი ეს ტოკიოს მაცხოვრებლებმა მოგვიტანეს. კვარცხლბეკები, რომლებზეც პრიზიორებს დააჯილდოებენ, ასევე ეკოლოგიურია – ისინი პლასტიკატის გადამუშავებით არის მიღებული”.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის (სავარაუდოდ, 37 სპორტსმენი) გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია 10 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები