Thumbnail
  • 11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
  • ანტონიო კონტეს ანალიზი იტალია-ინგლისის მატჩის წინ

იტალიელი მწვრთნელი ანტონიო კონტე ახლა უმუშევარია და ევროპის ჩემპიონატის პერიოდში თავისუფალი დროც ბევრი აქვს. ამით "გაძეტა დელო სპორტმა" ისარგებლა და კონტე გავლენიან გამოცემაში სტატიებს წერს. ინტერის ყოფილი დამრიგებელი ევრო 2020-ისა და იტალიის ნაკრების ანალიტიკოსია. მან ფინალის წინ დეტალურად გაარჩია როგორც იტალიის, ისე ინგლისის ნაკრები.

"იტალია ფინალში დამსახურებულად გავიდა, რადგან დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქეზე უფრო დაბალანსებული გუნდია და შეუძლია, გაუმკლავდეს თამაშის სხვადასხვა სიტუაციებს, როგორც ბურთის ფლობით, ისე ბურთის გარეშე. ყოველთვის ცდილობს, შეინარჩუნოს საკუთარი იდეა, თვითმყოფადობა და სტილი, მაგრამ ასევე იცის, თუ როგორ უნდა მოერგოს მეტოქის ფიზიკურ, ტექნიკურ და ტაქტიკურ თვისებებს, რადგან მაქსიმალურ შედეგამდე მისვლის გზა იპოვოს. ზოგჯერ დომინირებდა, ზოგჯერ გამოავლინა გამძლეობა, თავგანწირვა, ინდივიდუალური და გუნდური თვისებები", - ამბობს კონტე იტალიაზე.

იუვენტუსისა და ინტერის ექსთავკაცი დარწმუნებულია, რომ იტალიის ნაკრებს სამი მთავარი ლიდერი ჰყავს, რომლებმაც უკანა ხაზში კედელი ააშენეს:

"ყველა ფეხბურთელის პატივისცემის მიუხედავად, ამ იტალიის მთავარ ძალას დონარუმა-ბონუჩი-კიელინის ტრიო წარმოადგენს. მათ უკან ნამდვილი კედელი ააშენეს. ეს სამეული მთელ გუნდს სიმშვიდეს ანიჭებს. ვფიქრობ, რომ დონარუმა მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეში შედის: საუკეთესოა კარის ხაზზე, თამამია გამოსვლებზე და ფეხითაც კარგად თამაშობს. რა უნდა ითქვას ბონუჩისა და კიელინის შესახებ? ათასი ბრძოლის მიუხედავად, ჯერ კიდევ გრძნობენ სისხლის სუნს - გამარჯვებულის მენტალიტეტი, გამოცდილება, ხასიათი, ძალა აქვთ. მომენტების მართვაში ისინი თავიანთ პოზიციაზე უსიტყვოდ საუკეთესო მოთამაშეები არიან", - თქვა კონტემ, რომელიც ბონუჩის და კიელინის ძალიან კარგად იცნობს.

იტალიამ ესპანეთთან 120-წუთიანი ბრძოლა გადაიტანა

იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინის შემადგენლობაში ცვლილებების გაკეთებას არ ურჩევს: "არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, რომ შეიცვალოს შემადგენლობა, ან სათამაშო სქემა. მანჩინის არ სჭირდება რჩევები, მაგრამ აქამდე მოვედით და ცვლილების მიზეზს ვერ ვხედავ. არსებობს მუშა მექანიზმები და ექსპერიმენტების დრო არ არის. არ ვეთანხმები იმობილეს მიმართ კრიტიკას - ის შავ სამუშაოს ასრულებს, ყოველთვის აწუხებს მეტოქის ორ ცენტრალურ მცველს, მათ სივრცეს თავს ესხმის. გოლების გარდა, მისი თანაგუნდელები ამ მუშაობით სარგებლობენ. არ ვეთანხმები ცრუ ცხრიანით თამაშის იდეასაც. ინსინიეს არ აქვს ამისთვის საჭირო თვისებები".

ანტონიომ ინგლისის ნაკრებიც მიმოიხილა, რომელიც სახიფათო მეტოქედ და ძლიერ გუნდად მიაჩნია. განსაკუთრებით კი ბრიტანელთა შეტევის ფლანგები გამოარჩია და ჰარი კეინის მნიშვნელობაც.

კონტე: "ინგლისი ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით ფლანგებზეა სახიფათო. დრიბლინგებით მხოლოდ სტერლინგი არ გამოირჩევა, არამედ საკა, ფოდენი, სანჩო, გრილიში და რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ ჰარი კეინი. ბევრი აქებს მას იმისთვის, რომ შეუძლია ბურთის ცენტრთან მიღება და შეტევის წამოწყება, რაც დანიასთან პირველი გოლის დროს გააკეთა. დიახ, ცხადია, ამაშიც ძალიან კარგია, მაგრამ საჯარიმოში უძლიერესია, ნამდვილი სნაიპერი. შუაში ჰყავთ ორი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ნახევარმცველი, რაისი და ფილიპსი - მოთამაშეები, რომლებიც გუნდს ბალანსს ანიჭებენ, მაგრამ ვერტიკალურად იშვიათად თამაშობენ და ხშირად უმარტივეს გამოსავალს ეძებენ. მათი ერთ-ერთი სუსტი წერტილი? ინგლისი ესპანეთთან შედარებით ნაკლებად ყოჩაღია შეტევის დაცვიდან ორგანიზებაში და მეტოქის მაღალი პრესინგის თავიდან აცილებაში. თუ მათზე დიდ პრესინგს მოვახდენთ, გაუჭირდებათ, მაგრამ ამავე დროს, თუ ამ პრესინგს თავს დააღწევენ, ფრთხილად უნდა ვიყოთ".

'უემბლის' მხარდაჭერა შეიძლება დიდი სტიმული იყოს, მაგრამ ამას მინუსიც აქვს'

მიუხედავად ამისა, კონტე მიიჩნევს, რომ იტალია ინგლისთან შედარებით უფრო გამოცდილია და რაც მთავარია, იცის, როგორ უნდა მოიგოს ფინალი: "ინგლისი ამ მატჩს მთელი ცხოვრების განმავლობაში ელოდა. მათ არასდროს მოუგიათ ევროპის ჩემპიონატი და ერთადერთი მსოფლიო თასი 1966 წელს აქვთ მოგებული. "უემბლიზე" მხარდაჭერა შეიძლება ძალიან დიდი სტიმული იყოს, მაგრამ ასევე აქვს მინუსიც, რადგან ფეხბურთელებმა შეიძლება დიდი წნეხი იგრძნონ. როდესაც დანიასთან აგებდნენ, ემოციურ დონეზე თავიდან გარკვეული სირთულეები შექმნათ და ასევე დამატებითი დროის დასაწყისში იმის შიშით, რომ გოლი არ გაეშვათ. ტრიბუნებზე ნაკლები გულშემატკივარი გვეყოლება, მაგრამ მოედანზე მათზე მეტი გამოცდილება გვექნება. შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ფინალი. ასევე ვიცით, როგორ უნდა უნდა მოიგო ფინალური თამაში", - დაასრულა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ გერმანიას აქვს (6). ინგლისის ნაკრებისთვის ეს არის ევროზე პირველი ფინალი ისტორიაში და დიდ ტურნირებზე ასევე პირველი ფინალი ბოლო 55 წლის განმავლობაში.

კომენტარები

ბოლო ამბები