Thumbnail
  • მარკო ვერატიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალსა და ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა
  • იტალიელი ნახევარმცველი მეტოქის სიძლიერის მიუხედავად ჩემპიონობას გეგმავს

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. ვერატი ინგლისის ნაკრებთან მძიმე თამაშს ელოდება, მაგრამ ფიქრობს, რომ "უემბლიზე" გამარჯვება იტალიას შეუძლია.

"ინგლისს ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მათ მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. სოლიდური და დაბალანსებული გუნდია. ვფიქრობ, ფინალში გასვლა დაიმსახურეს. მათ სახლში გამარჯვება ფანტასტიკური იქნება. ინგლისელებთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მათ წინააღმდეგ შედგა ჩემი დებიუტი ნაკრებში 2012 წელს და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბრაზილიაში პირველი მატჩი ინგლისის წინააღმდეგ ჩავატარე“, - თქვა ვერატიმ, რომლის თამაში ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო თავიდან საეჭვო იყო.

"ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობ", - დასძინა პსჟ-ს ნახევარმცველმა, - "როდესაც ტრავმა მივიღე, მეშინოდა, რომ ამას ვერ მოვახერხებდი და ძალიან მძიმე იქნებოდა იმ ტკივილის განცდა, რომელიც 2016 წელს განვიცადე. საბედნიეროდ, სამედიცინო პერსონალი დამეხმარა."

ვერატი ბუსკეტსისა და დანი ოლმოს გარემოცვაში

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში სტუმრის რანგში ითამაშებს, მაგრამ ვერატისთვის ეს დამატებითი სტიმულია: "ეპიკური მატჩი იქნება! უემბლიზე" ფინალი ყველასთვის სტიმულია და თან, ეს ორივე გუნდისთვის ისტორიული თამაშია. დარწმუნებული ვარ, კარგი მსაჯობა იქნება, არ მგონია, რომ არბიტრმა თამაშზე გავლენა მოახდინოს, ამის არ გვეშინია. დანიასთან პენალტი საჩუქარი იყო, მე არ დავნიშნავდი... თუმცა, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ბოლო წლების განმავლობაში იტალიის ნაკრების მიმართ უნდობლობა იყო და ახლა დავბრუნდით იქ, სადაც იტალია უნდა იყოს", - ამბობს მარკო.

იტალიის ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერმა ევრო 2020-ის ფინალის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა:

"წნეხი იარსებებს, მაგრამ გუნდი, რომელსაც სიამოვნების მიღების უფრო დიდი სურვილი ექნება და მსუბუქად მოეკიდება ყველაფერს, დიდ უპირატესობას მიიღებს. უმჯობესია, მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდეთ და სხვა რაღაცები დავივიწყოთ. ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებული თამაში იქნება, ამჯერად რიტმის წარმართვა ჩვენ შეგვეძლება. ინგლისი ფაქტობრივად 4 შემტევით თამაშობს, მაგრამ საკუთარ კართან საგოლე მომენტებსაც იშვიათად იღებს", - თქვა ვერატიმ, რომელმაც შემდეგ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი შეაქო: "ისინი უსაფრთხოების განცდას გვანიჭებენ, ნახევარმცველები მათ ვენდობით და ამის წყალობით ყოველთვის მივდივართ პრესინგზე. რაც უფრო გადის წლები, ისინი უფრო მეტად იხვეწებიან.  კიელინი და ბონუჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან მოედანზე და მოედანს მიღმა".

ბოლოს ვერატიმ რობერტო მანჩინიზეც გააკეთა კომენტარი: "მან ყველა გუნდში კარგად იმუშავა, რომლებსაც წვრთნიდა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მწვრთნელია, მან თავდაჯერება დაგვიბრუნა, მოგვცა ენთუზიაზმი და ღიმილის სურვილი. შედეგები ყველაფერს ადასტურებს, 33 დაუმარცხებელი თამაში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს".

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ლონდონში ითამაშებს. "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატის ფინალში სულ სამჯერ იყო და ერთი მოიგო (1968).

კომენტარები

ბოლო ამბები