Thumbnail

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ტალახაძე და სალუქვაძე იქნებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შესაბამისი განცხადება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გააკეთა
  • ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 23 ივლისს ჩატარდება

მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გააკეთა.

“ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ისინი ყოფილიყვნენ. ახალი მოთხოვნა გახლდათ, რომ ერთ მედროშედ აუცილებლად ქალი უნდა წარმსდგარიყო და გასაკვირი არ ყოფილა, რომ არჩევანი სალუქვაძეზე შევაჩერეთ. ის ხომ ოლიმპიადაზე უკვე მეცხრედ გამოვა. ეს გადაწყვეტილება აღმასკომზე უკვე დამტკიცებულია", - აღნიშნა ხაბელოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის სალუქვაძე ტყვიის სროლაში პირველად ოლიმპიადაზე უკვე შორეულ 1988 წელს სეულში გამოვიდა და საბჭოთა კავშირის სახელით ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, კიდევ ერთი ბრინჯაო კი, უკვე 2008 წელს, საქართველოს დროშის ქვეშ მოიპოვა. ცნობისთვის, ნინო უკვე იყო ქვეყნის მედროშე 2012 წელს ლონდონში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე.

ნინო სალუქვაძე უკვე იყო საქართველოს ნაკრების მედროშე 2012 წლის ოლიმპიადაზე

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე მხოლოდ მეორედ იასპარეზებს, გასული 2016 წლის რიოს თამაშები კი მისთვის ტრიუმფალური გამოდგა. მძიმე წონით კატეგორიაში ლაშას ბადალი არ ჰყავდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტალახაძისგან ჩემპიონობას ველით ტოკიოშიც.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია 2021 წლის 10 ივლისს გაიმართება.

ქართველი ოლიმპიელების სია

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.)
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
გიორგი მელია (ბერძნულრომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.)
სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.) 
სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) 
ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ.)
გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) 
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ.) 
ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ.) 
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ.) 
გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ.)
მარიამ იმნაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი)
დავით აბესაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, 52 კგ.)
ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ.)
ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ.)
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ.)
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ.)
ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ.)
ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ.)
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ.)
გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა)
ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)

კომენტარები

ბოლო ამბები