Thumbnail
  • დორტმუნდი სანჩოს ტრანსფერის შემდეგ ჰაალანდის გაყიდვას არ ჩქარობს
  • ჩელსის ნორვეგიელი ფეხბურთელის შეძენა 135 მილიონ ფუნტად სურს

ერლინგ ჰაალანდის დორტმუნდის ბორუსიადან წასვლა რომ დროის საკითხია, ყველამ იცის. შესაძლოა, ეს ამ ზაფხულს, მომავალ წელს ან ორი წლის შემდეგ მოხდეს, თუმცა ცხადია, გერმანულ კლუბს ნორვეგიელი ამომავალი ვარსკვლავის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ფორვარდს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, ჰაალანდს დორტმუნდის დატოვება 2022 წლის ზაფხულში, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბორუსიას მის სანაცვლოდ უფრო მეტი ფულის აღება სურს, ახლავე უნდა გაყიდოს.

20 წლის ფეხბურთელს მსურველები არ აკლია, თუმცა უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის ჩელსიმ ნორვეგიელის აგენტთან მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. პირადი საკითხები უკვე მოგვარებულია - ფეხბურთელს ლონდონში თამაშზე პრობლემა არ აქვს.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ინგლისელებს ახალი ფორვარდის დამატება სურთ. ჩელსის ხელმძღვანელობა ტიმო ვერნერით უკმაყოფილოა, რომელსაც კარგი სეზონი არ გამოუვიდა. პარალელურად, ბრიტანელები ოლივიე ჟირუს მილანში ტრანსფერზე მუშაობენ, რათა გუნდში ახალი შემტევისთვის ადგილი გაათავისუფლონ.

ჰაალანდს ლონდონში თამაშზე პრობლემა არ აქვს

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სატრანსფერო თანხაა. დორტმუნდს ფეხბურთელის გაყიდვა 150 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ სურს, "არისტოკრატები" კი გერმანული კლუბისთვის 135 მილიონის შეთავაზებას აპირებენ.

გარდა ამისა, ბორუსიაში ჰაალანდის გაყიდვას აღარ ჩქარობენ. ამის მიზეზი ჯეიდონ სანჩოს მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერია, რომლიდანაც კლუბმა 73 მილიონი ფუნტი მიიღო. ორი ლიდერის ერთდროულად დაკარგვა გერმანელების გეგმებში არ შედის.

ერლინგ ჰაალანდმა ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონში 28 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 27 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნორვეგიელი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც 8 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელს 2-ჯერ გაატანინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები