Thumbnail

'ეს ახალი გამოწვევაა' - სერხიო რამოსი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტანი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
  • 35 წლის ფეხბურთელმა პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი ორი წლით გააფორმა
  • ესპანელი მცველი ფრანგულ კლუბშიც 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

სერხიო რამოსი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, რომელიც თანამშრომლობას 2023 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს. 

35 წლის ესპანელ მცველს რეალთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და შესაბამისად, პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. საინტერესოა, რომ პარიზულმა კლუბმა სერხიოს დამატების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრეც გამოაქვეყნა, მაგრამ შემდეგ წაშალა, როგორც მცდარი. ახლა პსჟ-მ რამოსის ტრანსფერი მეორედ გამოაცხადა. 

"მოხარული ვარ, რომ პარი სენ-ჟერნემს შევუერთდი, - თქვა რამოსმა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ. - ეს დიდი ცვლილება, ახალი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ამაყი ვარ, რომ ამბიციური პროექტის ნაწილი და იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელშიც ბევრი დიდი ფეხბურთელი გამოდის. მსურს პარიზში გავაგრძელო ზრდა და განვითარება და დავეხმარო გუნდს მაქსიმალურად ბევრი ტიტულის მოგებაში".

პარი სენ-ჟერმენი სერხიო რამოსისთვის ახალი გამოწვევაა

სერხიო რამოსი პარი სენ-ჟერმენშიც თავისი საყვარელი, 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

"N4 კარიერის დასაწყისში ავირჩიე და აქამდე ვუფრთხილდები. ამ ნომერს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვატარებდი, ჩემთვის წარმატება და გამარჯვებები მოჰქონდა. ახლა N4 ჩემი, როგორც ადამიანის და პროფესიონალის ნაწილია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც პსჟ-ია, ისევ ამ ნომრით ვითამაშებ", - თქვა რამოსმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი მცველი, რომელსაც კარიერის გასაგრძელებლად ვარიანტები ინგლისსა და გერმანიაშიც ჰქონდა, პარიზულ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ევროს მიიღებს. 

სერხიო რამოსმა სამეფო კლუბში ჯამში 22 ტიტული მოიგო

სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, იყო მისი კაპიტანი, კლუბის მაისურით ჩატარებულ 671 მატჩში კი 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე პასი მიითვალა. რამოსი რეალთან ერთად ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ ესპანეთის თასის მფლობელი, ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები