Thumbnail

ლონდონის "უემბლიზე" ევრო 2020-ის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა. როგორც პირველ ნახევარფინალში, აქაც ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დაინიშნა დამატებითი ტაიმები. გადამწყვეტი 104-ე წუთზე დანიშნული ცოტა საეჭვო პენალტი გახდა. მართალია, ჰარი კეინმა კასპერ შმეიხელს ვერ აჯობა ნიშნულიდან, მაგრამ თავადვე დაამატა, ევრო 2020-ზე თავისი მე-4 გოლი გაიტანა და ინგლისის ნაკრები ისტორიაში პირველად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

ინგლისის ნაკრები ფინალში, რომელიც 11 ივლისს კვლავ "უემბლიზე" ჩატარდება, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

დანიის ნაკრები კვლავ უცვლელი 11-ეულით გავიდა (ზედიზედ მესამე მატჩში) მოედანზე. ინგლისელთა სასტარტოში საკა დაბრუნდა, სანჩო ისევ სკამზე გადაიყვანეს. მოულოდნელად, პირველი ტაიმის დიდ ნაწილში უკეთ დანიელებმა ითამაშეს.

მიკელ დამსგაარდის გოლი

30-ე წუთზე დანიელთა 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიკელ დამსგაარდმა პიკფორდის საოცარი "მშრალი" სერია ევრო 2020-ზე ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით დაასრულა. 

ინგლისელებმა მალევე გაათანაბრეს, მარცხნიდან საკას ჩაწოდებული სიმონ კიაერმა სტერლინგამდე არ მიუშვა, თუმცა ბურთი თავად ჩაჭრა საკუთარ კარში. პირველ ტაიმში იყო სტერლინგის მომენტი, როცა კასპერ შმეიხელმა ბურთი მოიგერია და დანია აშკარა გოლისგან იხსნა. ტაიმი 1:1 დასრულდა.

დანიელთა კაპიტნის ავტოგოლი

მეორე ტაიმში ინგლისელებმა საგოლე მომენტი 55-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ შმეიხელმა მაგუაირის თავური მოიგერია. 74-ე წუთზე ინგლისელები დანიელთა კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა ვიდეორეფერიმ პენალტი არ დანიშნა. ფინალისტის ვინაობა ვერც ამ ნახევარფინალურ წყვილში გამოვლინდა 90 წუთში.

კასპერ შმეიხელის 'სეივი'

102-ე წუთზე სტერლინგის წაქცევისთვის დანიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰარი კეინმა შეასრულა. მართალია, კასპერ შმეიხელმა პენალტი მოიგერია, მაგრამ დამატებულზე ისევ კეინმა გაიტანა. 

ჰარი კეინმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე იყოჩაღა

TOP - ჰარი კეინი (ინგლისი)

ევრო 2020 მძიმედ დაიწყო, მაგრამ უკვე 4 გოლი აქვს გატანილი და ტურნირის ბომბარდირობის შანსიც აქვს. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ბუკაიაო საკა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, ვინც დიდ ტურნირებზე ფინალებსა და ნახევარფინალებში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო - 19 წლის, 305 დღის.

📌 ჯორდან პიკფორდმა ინგლისის ნაკრებში "მშრალი" სერიის რეკორდი დაამყარა 721 წუთი - გორდონ ბენქსის რეკორდი - 720 წუთი. 

📌 მიკელ დამსგაარდმა (დანია) ევრო 2020-ის პირველი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით.

📌 ინგლისის ნაკრების 691-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.

📌 ევრო 2020-ზე მე-11 ავტოგოლი გავიდა.

📌 ამ მატჩამდე ინგლისელები დიდი ტურნირების პლეი ოფში 7-დან 6 შემთხვევაში გავარდნენ, როცა დამატებითი დრო დაინიშნა.

📌 დიდ ტურნირებზე ჰარი კეინმა 10 გოლი გაიტანა და ამით ინგლისის ნაკრების რეკორდსმენ გარი ლინეკერს დაეწია.

📺 ინგლისი v დანია [მიმოხილვა]

ინგლისი 2:1 (დ.დ.) დანია

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ - ფილიპსი, რაისი (95. ჰენდერსონი) - საკა (69. გრილიში (106. ტრიპიერი)), მაუნტი (95. ფოდენი), სტერლინგი - კეინი

დანია (3-4-3): შმეიხელი - კრისტენსენი (79. ანდერსენი), კიაერი, ვესტერგაარდი (105. ვინდი) - სტიგერ ლარსენი (67. ვასი), ჰოიბერგი, დილეინი (88. იენსენი), მეჰლე - ბრაიტვაიტი, დოლბერგი (67. ნორგაარდი), დამსგაარდი (67. პოულსენი)

კომენტარები

ბოლო ამბები