Thumbnail

დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისთან წაგებული პირველი მატჩი (1:2) შეაფასა. საქართველოს ჩემპიონების თავკაცი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შანსი ჯერ კიდევ აქვს და ბაქოში მოგებისთვის იბრძოლებს.  

კახა ცხადაძე (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი): "ყოველთვის ძნელია თამაშის შემდეგ, როდესაც ემოციები ჭარბობს, ლოგიკური ანალიზი გააკეთო. თუმცა ფაქტია, რომ უპირატესობას ვფლობდით, საკმაოდ ბევრი მომენტიც გვქონდა, თუმცა შედეგი ის მივიღეთ, რომ წავაგეთ.  

კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ თამაშმა, რომ ასეთი უბრალო შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ძნელია უსაყვედურო ფეხბურთელებს, მათ ძალიან მოინდომეს. ჩვენმა სქემამ პირველ ნახევარში იმუშავა, მაგრამ მათმა მეკარემ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა, ბევრი სეივი შეასრულა და მომენტები ვერ გამოვიყენეთ. 

ტაიმებს შორის განსხვავება ის იყო, რომ მეორეში უკვე ვჩქარობდით და ეს იყო პრობლემა. მიუხედავად ამისა, ბევრი საგოლე მომენტი მაინც გაკეთდა. პერსონალურად არ გავაკეთებ აქცენტს, მაგრამ როგორც პირველ ნახევარში, ისე მეორეში, ზოგიერთი ფეხბურთელისგან უფრო მეტს ველოდით. ფეხბურთელების რაოდენობაში შეზღუდული ვართ, მაგრამ მაინც შევეცდებით, მიზანს იმ კონტიგენტით მივაღწიოთ, რაც გყვავს.

მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ახალი წესებიდან გამომდინარე, როდესაც აღარ აქვს მნიშვნელობა შინ 0:1-ს წააგებ, თუ 1:2-ს, ბაქოში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. თუ უფრო კარგად გამოვიყენებთ იმ მინუსებს, რომელიც მეტოქეს ჰქონდა, ვთვლი, რომ შანსი დაკარგული არ არის. კარგად უნდა დავისვენოთ, მოვემზადოთ და შევეცადოთ, არ გავიმეოროთ შეცდომები და გამოვიყენოთ მომენტები".

დინამო თბილისისა და ბაქოს ნეფთჩის საპასუხო დაპირისპირება აზერბაიჯანის დედაქალაქში 14 ივლისს ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეხვდება, წაგებული კი კონფერენსლიგაში გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპზე მეტოქედ ჰაიფას მაკაბისა და ალმათის ქაირათის წყვილში დამარცხებული ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები