Thumbnail

საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისისთვის ევროსეზონი წარუმატებლად დაიწყო. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს ნეფთჩის უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ "დინამო არენაზე" სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაინც დამარცხდა - 1:2. 

დინამოელებმა თავიდანვე შეძლეს მოედნის ცენტრის დაკავება და სტუმართა კარზე რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა გოლი მაინც საკუთარ კარში მიიღეს. 23-ე წუთზე იუსუფ ლავალის გრძელი გადაცემის შემდეგ, ნამიქ ალასგაროვმა ორთაბრძოლა გიორგი პაპავას მოუგო და კარიდან ძალიან წინ გამოსულ როინ კვასხვაძეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო - 0:1. 

გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელებმა ნეფთჩის შტურმი მოუწყვეს, თუმცა ბრწყინვალედ თამაშობდა აზერბაიჯანელთა მეკარე აგილ მამედოვი, რომელმაც ზედიზედ გიორგი გაბედავას, საბა ხვადაგიანისა და გიორგი კუციას რთული დარტყმები მოიგერია. ცხადაძის გუნდმა ანგარიში პირველ ტაიმში მაინც გაათანაბრა და ეს დინამოელთა სერბმა ფორვარდმა ზორან მარუშიჩმა საჯარიმოს გარედან შესრულებული უძლიერესი დარტყმით შეძლო - 1:1.

დინამო ნეფთჩის შესვენების შემდეგაც უტევდა, მაგრამ გოლი ისევ საკუთარ კარში მიიღო. 56-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ საჯარიმოში შეცდომა დაუშვა, ემინ მახმუდოვი წესების დარღვევით შეაჩერა და პენალტი დაინიშნა. როინ კვასხვაძემ ბაქოელთა კაპიტანს 11 მეტრიდან პირველ ჯერზე არ გაატანინა, თუმცა არბიტრმა დინამოელთა მეკარე კარის ხაზიდან წინ გამოსვლაში დაადანაშაულა, მახმუდოვს კი მეორე მცდელობიდან გატანა აღარ გასჭირვებია - 1:2.

როინ კვასხვაძემ დინამო თბილისი წაგებისგან ვერ გადაარჩინა

კახა ცხადაძემ მატჩის გადარჩენა ცვლილებებით სცადა, მაგრამ ამაოდ. ბოლო წუთებზე ბაქოელებს გაუმართლათ კიდეც - ბაქარ ქარდავას თავურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. დინამომ წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან შეიმცირა.

შეგახსენებთ, რომ უეფამ 2021/22 წლების ევროთასების სეზონის დაწყებამდე სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა, შესაბამისად, აზერბაიჯანის ჩემპიონს თბილისური გოლები დინამოსთან ორმატჩიან დუელში უპირატესობას არ მისცემს, მაგრამ... 

დინამო თბილისისა და ბაქოს ნეფთჩის საპასუხო დაპირისპირება აზერბაიჯანის დედაქალაქში 14 ივლისს ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეხვდება, წაგებული კი კონფერენსლიგაში გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპზე მეტოქედ ჰაიფას მაკაბისა და ალმათის ქაირათის წყვილში დამარცხებული ეყოლება.

დინამო თბილისი 1:2 ბაქოს ნეფთჩი

გოლები: 0:1 ალესკეროვი (23’), 1:1 მარუშიჩი (36’), 1:2 მახმუდოვი (პენ. 57')

დინამო (5-3-2): კვასხვაძე - სპორკსლედე (83' ოსეი),  ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო,  ხარაბაძე (73' მორჩილაძე) -  რადინი, ქარდავა, კუცია (68' ქავთარაძე) - მარუშიჩი, გაბედავა (68' ახვლედიანი).

ნეფთჩი (3-5-2): მამადოვი - მერტ ჩელიკი, მბოჯი, სტანკოვიჩი - ხარამიში, მახმუდოვი, კანე, ბუგრენი (90' აბასოვი), ლავალი (86' ბულუდოვი) - კოლი (88' ნაჯაფოვი), ალესკეროვი. 

კომენტარები

ბოლო ამბები