Thumbnail
  • ინტერის ახალმა მწვრთნელმა თავის არჩევანსა და მიზნებზე ილაპარაკა
  • ნერაძური იტალიის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება
  • მილანური კლუბი ჩემპიონთა ლიგაშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს  

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ, რომელიც თანამდებობაზე ამ ზაფხულს დაინიშნა, მედიასთან თავის არჩევანსა და მომავალ სეზონში კლუბის მიზნებზე ისაუბრა.

მილანის ინტერმა 2020/21 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონობა 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. კამპანიის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ანტონიო კონტემ დატოვა, რისი მიზეზიც კლუბის ხელმძღვანელობასთან მისი კონფლიქტი გახდა. 

რაც შეეხება სიმონე ინძაგის, 45 წლის სპეციალისტს სეზონის დასრულების შემდეგ ლაციოსთან ხელშეკრულება უნდა გაეხანგრძლივებინა, მაგრამ საბოლოოდ რომში დარჩენა გადაიფიქრა და მილანური კლუბი ჩაიბარა.

"ლაციოში 22 ბრწყინვალე წელიწადი გავატარე, იქ თავს კარგად ვგრძნობდი. გამიმართლა, რომ კლუბთან ერთად გამარჯვება როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის როლში შევძელი, მაგრამ დადგა ცვლილებების დრო. ლაციოში მუშაობის პერიოდში უამრავი წინადადება მივიღე, მაგრამ ყველა შემთხვევაში წასასვლელად მომენტი შეუფერებელი იყო. ერთ დღეს კი ეს მომენტი დადგა და მეც დიდხანს არ მიფიქრია. სულ ერთი ღამე დამჭირდა, რათა გადაწყვეტილება მიმეღო და ლოტიტო (ლაციოს პრეზიდენტი) პირველი იყო, ვისაც ამის შესახებ ვაცნობე", - ამბობს სიმონე.

ამ გაზაფხულზე ნერაძურიმ მეცხრამეტე სკუდეტო მოიგო

მილანელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბის მიზანი ტიტულის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული გამოსვლა იქნება:

"ვიცოდი, რომ ჰაკიმი წავიდოდა, მაგრამ დამპირდნენ, რომ გუნდი კონკურენტუნარიანი იქნება. ხელმძღვანელობასთან კავშირი ყოველდღიურად მაქვს. გვსურს, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ ჩემპიონთა ლიგაში, რადგან ინტერს ამ ტურნირის 1/8-ფინალში 2011 წლის შემდეგ არ უთამაშია. ამასთან, უნდა დავიცვათ ტიტული. ჩვენ ინტერი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ერთი წლის შემდეგ ისევ გავხდეთ ჩემპიონები".

კომენტარები

ბოლო ამბები