Thumbnail

'თავის საქმეს ჩუმად ასრულებს' - ბაიონმა მიქაუტაძეს კონტრაქტი გაუგრძელა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მისი პასუხისმგებლობა და კლუბისადმი ერთგულება გამოსარჩევი ამბავია'
  • საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კვლავაც საფრანგეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მორაგბე კოტე მიქაუტაძემ ბაიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომდევნო 2 სეზონის განმავლობაშიც საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ბაიონში გასული წლის ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკრის” სტატუსით გამოჩნდა და ტრავმირებული ესპანელი ასიერ უსარაგა შეცვალა. ფრანგულ კლუბში კოტეს თამაშით კმაყოფილები დარჩნენ და სეზონის ბოლომდე დატოვეს, ახლა კი, მასთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყდა.

“კოტე იმ მორაგბეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთ საქმეს უჩუმრად ასრულებენ. მას ისეთი გამოცდილება გააჩნია, რომელიც ნებისმიერი კლუბის მიერ დაფასებული იქნებოდა. მიქაუტაძეს ბაიონში კარიერის გაგრძელება სურდა და ჩვენც ვთვლით, რომ მისი პასუხისმგებლობა და კლუბისადმი ერთგულება გამოსარჩევი ამბავია”, - განაცხადა ბაიონელთა მთავარმა მწვრთნელმა იანიკ ბრუმ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეორეხაზელის ფრანგული კარიერა 2009 წელს აჟენში დაიწყო, შემდეგ კი, ტულონი და მონპელიეც მოიარა. კოტეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 59 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 ლელოა. 

აქვე ვთქვათ, რომ ორიოდ დღის წინ ბაიონმა ასევე 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა 20 წლის ქართველ ბურჯ ლუკა ჭელიძეს, რომელიც გასულ სეზონში ტულონელთა ღირსებას იცავდა და მონაწილეობა 11 მატჩში მიიღო. ცნობისთვის, ბაიონელებს მომდევნო სეზონში თამაში პრო დ2-ში მოუწევთ, რადგანაც ტოპ 14-ში დარჩენისთვის საპლეიოფო თამაში ბიარიცთან 6:7 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები