Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის სერხიო აგუეროს შემცვლელი სჭირდება
  • პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ კლუბს დიდი ტრანსფერებისთვის ფული არ აქვს 

მანჩესტერ სიტი 2020/21 წლების სეზონის ბოლოს სერხიო აგუერომ დატოვა. "ქალაქელების" რიგებში გატარებული წლების შემდეგ არგენტინელი ფორვარდი ბარსელონას სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გუნდიდან ფორვარდის წასვლის შემდეგ ლოგიკურია, რომ მანჩესტერულმა კლუბმა სერხიო აგუეროს შემცვლელი უნდა მოძებნოს და გუნდში მიიყვანოს. ცოტა ხნის წინ პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა ტოტენჰემს ჰარი კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

სიტი მზადაა ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართოს, თუმცა, დიდი ალბათობით, ტოტენჰემი ამ შეთავაზებას უარყოფს და კეინში ბევრად უფრო მეტ თანხას მოითხოვს. "დეზებს" ინგლისელი ფორვარდის შენარჩუნება გაუჭირდებათ, რადგან თავად ჰარიმ განუცხადა კლუბს, რომ მას ამ ზაფხულს კარიერის გაგრძელება სხვაგან სურს. ტოტენჰემის ხელმძღვანელობა კი ცდილობს ტრანსფერიდან რაც შეიძლება დიდი თანხა მიიღოს.

ახალ და ძვირიან ტრანსფერებს სკეპტიკურად უყურებს თავად მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, რომელსაც ჰარი კეინთან ერთად გუნდში დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი და ასტონ ვილას კაპიტანი ჯეკ გრილიში სურს.

გვარდიოლას აზრით, მისი გუნდი ახალი მოთამაშეების გარეშეც ძლიერი იქნება

ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე კლუბს ტრანსფერებში დიდი თანხების გადახდა გაუჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მას გუნდში გაბრიელ ჟეზუში, ფერან ტორესი, რომელსაც ფორვარდად თამაში შეუძლია, და აკადემიაში მოთამაშე ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს, შესაძლოა ახალი შემტევის მოყვანა საჭირო საერთოდ არ იყოს.

"ამ ფასებში ჩვენ არ ვაპირებთ თავდამსხმელის ყიდვას. შეუძლებელია ამის საშუალება არ გვაქვს. ფინანსურად ყველა კლუბს უჭირს და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ. ჩვენ გაბრუელ ჟეზუში და ფერან ტორესი გვყავს, რომლებიც ამ პოზიციაზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში და ხშირად ვთამაშობთ ცრუ ცხრიანით. ასე რომ, არის დიდი შანსი იმისა, ახალი სეზონისთვის თავდამსხმელი არ ვიყიდოთ. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რისი გაკეთებაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ და თუ ვერ შევძლებთ, ჩვენ გვეყოლება ისევ ის გუნდი, რომელმაც 4 წლის განმავლობაში სამჯერ მოიგო პრემიერლიგა და მიაღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალს", - განაცხადა გვარდიოლამ.      

კომენტარები

ბოლო ამბები