Thumbnail

ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქართული რაგბისთვის - ხურციძე ფრენჩაიზზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში ჩაერთვება, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება და მას ევროპის სუპერთასი ეწოდება.

რაგბის კავშირის სპორტული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის დაარსებას ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანეს წამოწყებად მიიჩნევს. მისი აზრით, ქართული რაგბის მომავლისთვის ეს პროექტი შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს.

ბაჩო ხურციძე: "ფრენჩაიზი ქართული რაგბის განვითარების ქვაკუთხედია, მთავარი კომპონენტი მისი წინსვლისთვის და უმნიშვნელოვანესი იყო მისი შექმნა. მოუთმენლად ველით ევროპის სუპერთასის დაწყებას და მასში ჩვენი ახალი გუნდის ჩართვას. გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ეს პროექტი. პირველი თამაშები სექტემბერშია დაგეგმილი და გულშემატკივარს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელის.

მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ გვსურს, ჩვენმა ფრენჩაიზმა უფრო ძლიერ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა (მაგ. კელტური ლიგა), ამ ეტაპზე რაგბი ევროპის სუპერთასში ჩართვა, ამ ახლად შექმნილი ფრენჩაიზისთვის ზედგამოჭრილია. მასში საკმაოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, სამომავლოდ ევროპის სუპერთასი გახდება ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპი. პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკება სამხრეთ აფრიკასთან და ჩვენი ფრენჩაიზი „ქარი ქაფშიც“ ითამაშებს.

ხურციძის თქმით, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის სახელს რამდენიმე სომბოლური დატვირთვა აქვს. ხურციძემ ასევე აღნიშნა, იმისთვის რომ მორაგბეებს სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ, არის იდეა, რომ მათ არასატურნირო დღეებში დიდი 10-ის კლუბებში ითამაშონ:

ბაჩო ხურციძე: "გულშემატკივრები ბორჯღალოსნებს ხშირად მოიხსენიებენ ლომებად; მსგავსი სახელით სპორტულ სივრცეში არცერთი გუნდი არ არის; არაოფიციალურ სარაგბო ჰიმნში არის ფრაზა – „თავისუფლება ლომთა ხვედრია“. გარდა ამისა, ინსპირაცია იყო ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატი შავი ლომი, რაც მისი ფანტაზიის ნაყოფია და სხვადასხვა ვარიანტები არჩევანი ამ სახელზე შევაჩერეთ.

გვაქვს ვალდებულება, რომ ფრენჩაიზში მინიმუმ 36 მოთამაშე გვყავდეს. ეს არის საშუალება, რომ შევამციროთ მოთამაშეთა გადინება დაბალი დონის კლუბებსა და ჩემპიონატებში. ამ ეტაპზე კონტრაქტი გავაფორმეთ იმ მორაგბეებთან, რომლებიც სანაკრებო სივრცის (ბორჯღალოსნები, 7-კაცა) მოთამაშეებად მოიაზრებიან და კონტრაქტიდან თავისუფალი იყვნენ. ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება პერსპექტიული მოთამაშეების დამატება საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონიდან.

ჩვენი სურვილია, რომ შიდა ჩემპიონატის კლუბებს მიეცეთ შესაძლებლობა და ფრენჩაიზიდან დიდი 10-ისთვის დაარეგისტრირონ მაქსიმუმ 3-3 მოთამაშე. როდესაც ‘შავ ლომს’ არ ექნება თამაშები, ან რომელიმე მორაგბე ვერ მოხვდება სამატჩო განაცხადში, მათ შეეძლებათ კლუბების გაძლიერება და არც თავად დააკლდებათ სათამაშო პრაქტიკა. ეს არის აპრობირებული მეთოდი. მსოფლიოს ყველა წამყვანი ფრენჩაიზის მორაგბე, თავისუფალ დროს ამა თუ იმ კლუბის შემადგენლობაში თამაშობს შიდა ჩემპიონატში. ეს მოთამაშეებისთვისაც კარგი იქნება, კლუბებსაც წაადგება და ჩემპიონატსაც გააძლიერებს.

კომენტარები

ბოლო ამბები