Thumbnail

'ჩვენს სისტემას კარგად მოერგება' - ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მინდა, რომ ჯეტსთან ერთად მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო'
  • ქართველმა ფორვარდმა ნიუკასლელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე კარიერას ნიუკასლ ჯეტსში გააგრძელებს. ავსტრალიური კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, მიქელთაძემ, რომელიც ბოლოს ბერძნულ ქსანთიში ირიცხებოდა, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნიუკასლელთა მწვრთნელის არტურ პაპასის თქმით, ქართველი ფორვარდი კლუბს ფიზიკურად გააძლიერებს და მისი ტრანსფერი დიდი წარმატებაა, რადგანაც ბექას დამატებაზე არაერთი გუნდი მუშაობდა.

“ძალიან მოხარულები ვართ, რომ მიქელთაძესთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ის ფეხბურთელია, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობდით და ჩვენს სათამაშო სქემას კარგად უნდა მოერგოს. ბექა იმ ასაკში იმყოფება, როდესაც ისე კიდევ უნდა განვითარდეს, მას შეუძლია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში თამაში და მოუთმენლად ველით, ჩვენს რიგებს როდის შემოუერთდება”.

კომენტარი გააკეთა თავად მიქელთაძემაც, რომელსაც კარიერის განმავლობაში ზესტაფონში, დინამო თბილისში, რუსთავში, ანორთოსისში (კვიპროსი), ყაზანის რუბინში და ვოლგოგრადის როტორშიც უთამაშია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2 მატჩი ჩაატარა, გასული წლის ნოემბერში ერთა ლიგაზე, ესტონეთთან და სომხეთთან.

“ამაყი და ბედნიერი ვარ იმ ინტერესით, რომელიც ნიუკასლმა ჩემს მიმართ გამოამჟღავნა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც მათ მადლობას შესაბამისად გადავუხდი. გუნდის ქომაგების შესახებ ბევრი რამ მსმენია და მინდა, რომ ჯეტსთან ერთად მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო”.

ცნობისთვის, ნიუკასლ ჯეტსი ავსტრალიური პრემიერშიპის 2-გზის მეორეადგილოსანია (2007-08, 2017-18), გასული სეზონი კი მე-11 პოზიციაზე დაასრულა. გუნდი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მიქელთაძის გარდა, ნიუკასლელებს მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავთ: 2 ახალზელანდიელი და ერთი სამხრეთსუდანელი.

კომენტარები

ბოლო ამბები